მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქონლის ხორცი გაძვირდა

5fad41b9d4034
ელენე გოგბერაშვილი
12.11.20 23:00
10313
სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტებიდან გამონაკლისი არც ხორცი და ხორცპროდუქტებია, რაზეც ბოლო პერიოდში ფასები გაიზარდა. თუ სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებს მოვიშველიებთ, ბოლო ერთ წელიწადში ხორცი და ხორცპროდუქტები 3,5%-ითაა გაძვირებული.

თავად მწარმოებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ხორცზე ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ცხოველის საკვების გაძვირებამ და ლარის გაცვლითმა კურსმა განაპირობა.

„საერთაშორისო ბაზარზე საკვებ ნედლეულზე იზრდება ფასები, ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსი. შედეგად ორმაგი დარტყმა მივიღეთ და სწორედ ამან გამოიწვია ფასების მატება.

მაგალითად, დღესდღეობით საქართველოში შემოტანილი სოიოს შროტი ერთი თვის წინ თუ ღირდა 500 დოლარი დღგ-ს ჩათვლით, დღეს ღირს 600 დოლარი. 100 დოლარით გაძვირებას დაემატა ის, რომ ვალუტა გაძვირდა და კატასტროფული ფასი მივიღეთ. ასევეა სიმინდი და ხორბალიც. ზეთიც გაძვირდა, რაც ასევე გამოიყენება ცხოველთა საკვებში და ამანაც იმოქმედა ფასებზე“, - აცხადებს კომპანია „ინვეტის“ დირექტორი დავით შალამბერიძე.

მისი თქმით, დღეს 1 კილოგრამი ქათმის ხორცის საბითუმო ფასი 5-დან 5,5 ლარის ფარგლებში მერყეობს, რამდენიმე კვირაში კი მოსალოდნელია ფასის მინიმუმ 1 ლარით მომატება.

„ადრე თუ ერთი კილოგრამი ფრინველის საკვები 1,30 ფარგლებში იყო, დღეს არის 1,70, ფარგლებში ანუ ეს მნიშვნელოვანი წილია და მნიშვნელოვანი გაძვირება იქნება. ერთი კილოგრამი ხორცის ღირებულება გაძვირდება, რადგან ფერმერებს სხვა გზა აღარ დარჩებათ, რომ არ გააძვირონ პროდუქცია.

დღეს 5-5,5 ლარია 1 კილოგრამის ქათმის ხორცის საბითუმო ფასი. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ 30%-ით მომატებს, 6,5 ლარამდე იქნება საბითუმო ფასი.

კიდევ ცუდი ისაა, რომ ეს არის სეზონის დასაწყისი, როცა ახლა ხდება მარცვლეულის აღება, როცა ახლა არის ასეთი ფასები, წარმოგიდგენიათ როგორი ფასები იქნება იანვრის შემდეგ? კიდევ მოიმატებს მარცვლეულის ფასი, ახლა წესით უნდა იყოს ყველაზე იაფი“, - აცხადებს შალამბერიძე.

ცხოველის საკვების გაძვირების გამო ხორცის გაძვირებას აანონსებს „ანგუს ჯგუფის“ წარმომადგენელიც. ოთარ კობახიძე bm.ge-თან განმარტავს, რომ მათი გათვლებით პროდუქტის ფასი დაახლოებით 10-15%-ით მოიმატებს.

„პირველი ეტაპის გაძვირების ტენდენცია უკვე მიდის. ვცდილობთ გადაწყობას... რთულ სიტუაციაში ვართ. თივას 3,60-ად თუ ვყიდულობდით, ახლა 11-12 ლარი ღირს. ეს უკვე ძალიან მაღალი ფასია“, - აცხადებს კობახიძე.

დღეს 1 კილოგრამი საქონლის ხორცის საშულო ღირებულება 23-24 ლარია. მწარმოებელთა ნაწილი ამბობს, რომ ღორის ხორცის ღირებულება ბოლო პერიოდში უცვლელია და ფასები მხოლოდ საქონლის ხორცის შემთხვევაში შეიცვალა. როგორც ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „წერტიში“ ამბობენ, მათ შემთხვევაშიც ფასის განმსაზღვრელი იმპორტირებული საქონლის საკვების ღირებულებაა, რომლის გავლენით ხორცი 1 ლარით უკვე გაძვირდა.

„ჩვენ გვაქვს ფერმები, სადაც მოვიხმართ იმპორტირებულ საკვებს. ამან განაპირობა თვითღირებულების ზრდა, ასევე ჩვენ გვყავს ფერმერები, საიდანაც ვმარაგდებით. მათაც გაეზარდათ ხარჯები და მოხდა ფასების ზოგადი ზრდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკუთარი წარმოება გვაქვს, მოგვეცა საშუალება იმდენად არ გაგვეძვირებინა რამდენადაც გაძვირდა ბაზარზე ხორცი. ერთი კვირის წინ გავაძვირეთ და ეს ზრდა მხოლოდ შემოიფრაგლა 4-5%-ით ერთ კილოგრამ ხორცზე“, - აცხადებს "წერტის" დამფუძნებელი ბიძინა გონაშვილი.

მისი თქმით, ყველაზე იაფი დღეს ე.წ სახაშლამე ხორცია, რომლის ფასი 17 ლარს შეადგენს. საქონლის სუკი კი, რომელიც სასტეიკედ გამოიყენება 45 ლარი ღირს. ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლის ხორცის რბილი ნაჭერის ფასი კი 24 ლარია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ აგრარულ ბაზრობებზე დღეს ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენა გაცილებით ნაკლებად, 1-2 ლარის სხვაობით არის შესაძლებელი, ვიდრე ორგანიზებულ მარკეტებში.

ქვეყანაში ხორცის წარმოება მზარდ ტენდენციას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში 16,3 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს აღემატება.