მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქონლის ხორცის ნაცვლად ბაზრობაზე მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცს ყიდიდნენ - დაკავებულია 2 პირი

60f1630ee159c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.21 14:47
1036
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტების დამზადება-გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ საქონლის, მათ შორის დაავადებული ან მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბაზრობაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ხორცის სახით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზემოაღნიშნული სასაკლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენის ხორცი, სხვადასხვა საქონლის, მათ შორის ვირის ნარჩენები და დასაკლავად განკუთვნილი ორი კვიცი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 197(1) მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.