მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქპატენტმა" რუსეთში 7 ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო დაარეგისტრირა

5e2ff89416609
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.20 13:00
1007
„ვაზისუბანი“, „ნაფარეული“, „გურჯაანი“, „მანავი“, „თელიანი“, „ყვარელი“ და „კახეთი“- 7 ადგილწარმოშობის დასახელების ქართული ღვინო, „საქპატენტმა“ რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში (როსპატენტი) დაარეგისტრირა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა, ქართული დასახელებების სამართლებრივი დაცვის მინიჭების მოთხოვნით, როსპატენტს გასული წლის აგვისტოში მიმართა. აღნიშნულ დასახელებებზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.

„აღნიშნული ღონისძიებების გატარება უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, ქართული ღვინისა და პროდუქტების ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეპუტაციის დაცვისა და უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაცვის სამართლებრივი ბერკეტების მოპოვების მიზნით. საქპატენტი კვლავ გააგრძელებს სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას“, - აცხადებენ საქპატენტში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წელს, ასევე განხორცილდა ქართული ღვინის ექვსი ადგილწარმოშობის დასახელების: „ხვანჭკარა“, „ტვიში“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „მუკუზანი“ და „ქინძმარაული“, რეგისტრაცია.