მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: დეკემბერში წლიური ინფლაცია 2.4% იყო

5ff2c03f116f6
თელარა გელანტია
04.01.21 11:10
903
2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ნოემბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა:
ჯგუფში ფასები მომატებულია 9.6 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.5 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.2 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (11.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (8.2 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (6.7 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (5.9 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.6 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.4 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.7 პროცენტიანი კლება, რაც -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1 პროცენტი). საქსტატის ანგარიშში მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება განპირობებულია „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლით. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bit.ly/3o6AuJk .