14.სექტემბერი .2020 12:00

საქსტატი: II კვარტალში საქართველოში 1.8 მლნ ვიზიტორმა იმოგზაურა, კლება 37.2%-ია

views 545
უკან

2020 წლის მეორე კვარტალში 1.8 მლნ ადგილობრივმა ვიზიტორმა საქართველოს ტერიტორიაზე 2 მლნ ვიზიტი განახორციელა - ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვატალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 37.2%-ით, ხოლო ვიზიტების მაჩვენებელი 39.2%-ით შემცირდა.

რაც შეეხება 2020 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ვიზიტების რაოდენობა 22.5%-ით შემცირდა და 5.1 მლნ შეადგინა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მეორე კვარტალში 31.4%-ით მცირე, 925,200 ისეთი ვიზიტი განხორციელდა, როდესაც ვიზიტორმა მონახულებულ ადგილზე ღამე გაათენა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მლნ (კლება 44.6%) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა ძირითადი ნაწილი - 39.1% 31 დან 50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. რაც შეეხება გენდერულ სურათს, ვიზიტორთა 50.5% ქალი იყო.

კვლევა აჩვენებს, რომ მეორე კვარტალში ძირითადად დედაქალაქის მაცხოვრებლები მოგზაურობდნენ. სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორების 40.7% თბილისის მაცხოვრებელია, 11.8% - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის, 11.6% - ქვემო ქართლის რეგიონის, ხოლო დანარჩენ რეგიონებში მაცხოვრებლებზე, ჯამში, 35.9% მოდის.

საქსტატის ანგარიშში ასევე საუბარია ვიზიტორთა მიზნების, მათ მიერ გაწეული ხარჯებისა და მონახულებული რეგიონების შესახებ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტების ძირითად მიზანს (47.9%) მეგობრების და ნათესავების მონახულება წარმოადგენდა. ვიზიტორები ძირითადად მოგზაურობდნენ თბილისსა და იმერეთის რეგიონში.

რაც შეეხება ხარჯებს, მეორე კვარტალში ადგილობრივმა ვიზიტორებმა მოგზაურობისას 268 მლნ ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლეთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია.

როგორც მოსალოდნელი იყო Covid 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ადგილობრივ ტურიზმზეც მოახდინა უარყოფითი გავლენა. საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო მეორე კვარტალის დასაწყისში კომენდანტის საათი დაწესდა. აღსანიშნავია, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისამდე აკრძალული იყო.