მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 322.9 ლარია

5f607144385d2
BM.GE
15.09.20 11:45
1196
საქსტატმა აგვისტოს საარსებო მინიმუმის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცს ერთი თვის განმავლობაში არსებობისთვის მინიმუმ 182.3 ლარი ესაჭიროება, საშუალო მომხმარებელს (ადამიანს) - 161.5 ლარი, ხოლო საშუალო ოჯახისთვის საარსებო მინიმუმად 305.8 ლარი განისაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, იგივე თვის საარსებო მინიმუმის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის საარსებო მინიმუმი შემცირდა 6.9 ლარით, საშუალო მომხმარებლისთვის - 6.1 ლარით, ხოლო საშუალო ოჯახისთვის - 11.5 ლარით.

მიმდინარე წლის აგვისტოში ოჯახის სხვადასხვა ტიპისთვის საარსებო მინიმუმის მოცულობა ასეთი იყო:

• ერთსულიანი ოჯახისთვის - 161.5 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 6.1 ლარი;
• ორსულიანი ოჯახისთვის - 258.3 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 9.7 ლარი;
• სამსულიანი ოჯახისთვის - 290.6 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 11 ლარი;
• ოთხსულიანი ოჯახისთვის - 322.9 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 12.2 ლარი;
• ხუთსულიანი ოჯახისთვის - 363.3 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 13.7 ლარი;
• ექვსსულიანი და მეტი ოჯახისთვის - 429.5 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 16.2 ლარით;

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დაცვის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს 40 დასახელების პროდუქტს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70 %-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

ცნობისთვის: საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.