მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: საარსებო მინიმუმი 197.2 ლარი გახდა

604f1050bd156
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.21 11:53
1004
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იანვართან შედარებით, თებერვალში საარსებო მინიმუმი გაიზარდა.

ახალი კალკულაციის თანახმად, შრომისუნარიანი მამაკაცის ერთი თვის საარსებო მინიმუმი 1.7 ლარით გაიზარდა და ის 197,2 ლარს შეადგენს. წლიურ ჭრილში კი, ეს მაჩვენებელი 1.6 ლარით არის შემცირებული. 

თებერვლის მდგომარეობით, "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 174.7ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.5 ლარით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში კი, ის 1.4 ლარით არის შემცირებული.

საქსტატის მიერ დღეს წარმოდგენილ ანგარიშს არ ახლავს ოჯახის სულადობრივი საარსებო მინიმუმი, რომელსაც ორგანიზაცია 2021 წლამდე აქვეყნებდა. 

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. 

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.