30.აპრილი .2020 12:13

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა შემცირდა, ემიგრანტების რიცხვი გაიზარდა

views 2524
უკან

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3,716,900 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

უწყების განმარტებით, მოსახლეობის შემცირება მოხდა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში დაბადებულთა რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მაღალი იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა უარყოფითი მიგრაციული სალდო დაებალანსებინა.

"2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243),"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

საქსტატის მიხედვით, 2019 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 105,107  შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9.9 პროცენტით გაიზარდა და 96,864 შეადგინა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო -8,243 იყო.

საქსტატის მიხედვით, იმიგრანტების 85.3 პროცენტი და ემიგრანტების 84.9 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

2019 წელს იმიგრანტების 56.2 პროცენტს და ემიგრანტების 78.0 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება კი ასეთია:

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.5 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი - 15.1 პროცენტს.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ 1 790.3 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 926.6 ათასი შეადგინა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.0 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან,  თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენს.

წინა წელთან შედარებით 2019 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.1 ერთეულით გაიზარდა და შეადგენს 74.1 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის - 69.8 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.4 წელს.