მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1475 ლარია, ქალის - 924 ლარი

5df76c82c4822
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.19 15:40
3050
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1,217 ლარი და 10 თეთრი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელს 92 ლარით აღემატება.

სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან განსხვავდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1475 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 551 ლარით ნაკლებია და 924 ლარს შეადგენს.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 46%-ით მეტია.

ეს არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ქალების და კაცების ხელფასები ასე მკვეთრად განსხვავდება, ეს ნიშნავს, რომ ქალების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება გაყოფილი კონტრაქტით დასაქმებული ქალების რაოდენობაზე, არის 46%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე კაცების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება, გაყოფილი დასაქმებული კაცების რაოდენობაზე.

სტატისტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ ქალები დღეს უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, ვიდრე - კაცები.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის - Gender Gap-ის მიხედვით, საქართველო ქალებისა და კაცების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მსოფლიოში 94-ე ადგილზეა. ამ მხრივ, პირველები ისლანდია, ნორვეგია და ფინეთია.

2019 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა და 1 316.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 191.9 ლარი, წლიური ზრდა 0.3 პროცენტი), ასევე მშენებლობის (2 023.5 ლარი, წლიური ზრდა 16.6 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.