მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა

5f3d2cc43501d
BM.GE
19.08.20 18:40
1867
საქსტატმა მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 %-ით გაზრდილია და 12.3 პროცენტს უტოლდება.

უმუშევრობის დონე გასული კვარტალების მიხედვით შემდეგია:



2020 წლის მეორე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტია, რაც 1.6 %-ით ნაკლებია გასული წლის მეორე კვარტალის მონაცემთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან თვითდასაქმებული 51.4 პროცენტია.

უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 %-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 %-ით.

მიმდინარე წლის აპრილში, მაისსა და ივნისში 200 ლარიანი დახმარებით (სამსახურის დაკარგვის საკომპენსაციოდ) საშუალოდ 114.6 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, თუმცა საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რაოდენობა მხოლოდ 31.5 ათასით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის 12.3 პროცენტიან მაჩვენებელს თვითდასაქმებულთა საკმაოდ დიდი რაოდენობა განაპირობებს, რომელთა ძირითადი ნაწილი სოფლად ცხოვრობს და საკუთარი ფერმერული მეურნეობით არის დაკავებული. საქსტატი თვითდასაქმებულად თვლის ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია შემოსავალი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, იმისთვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, არ არის აუცილებელი რომ მას ჰქონდეს ხანგრძლივვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან დაქირავებული იყოს ვინმეს მიერ. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, ძიძები, კერძო ტაქსების მეპატროენეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და სხვები, თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც მუშაობდნენ შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და შესაბამისად საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად დასაქმებულებად ითვლებიან. დასაქმებულად ითვლებიან ის პირებიც, რომლებსაც აქვთ სამუშაო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობენ. ასევე, პირები, რომლებიც საკუთარ ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობენ.

საქსტატი სამუშაო ძალის გამოკვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლას გეგმავს, რომლის მიხედვითაც თვითდასაქმებულებიდან გამოირიცხებიან ის პირები, რომლებიც საკუთარი წარმოებული პროდუქციის ძირითად ნაწილს პირადი მოხმარებისთვის იყენებენ.