27.აგვისტო .2020 11:20

საქსტატის ანგარიში: შარშან 1 682 სასტუმრო 4 მლნ სტუმარს მოემსახურა

views 252
უკან

საქსტატმა სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ შარშან საქართველოში 1 682 რეგისტრირებული სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, რომელიც ორგანიზაციების დეკლარირებულ მონაცემებს ეყრდნობა, გასულ წელს სასტუმროების ნომრების რაოდენობა გაიზარდა 5.5%-ით და 35,101-სს გაუტოლდა. ასევე, გაზრდილია (4.8%) სასტუმროებში არსებული ადგილების საერთო რაოდენობა 76 300-მდე.

რაც შეეხება დასაქმებულების რიცხოვნობას, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სასტუმროებში დასაქმებული იყო 20 575 ადამიანი (ზრდა წინა წელთან - 6.7%), რომელთა უმეტესობას (57.3 %) ქალები წარმოადგენდა.

საქსტატის ანგარიში ასევე მოიცავს სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რამდენ სტუმარს მოემსახურა შარშან 1 682 სასტუმრო - 4 მლნ სტუმარი ანუ 9.5%-ით მეტი, ვიდრე შარშან - ასეთია სტატისტიკა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა 71.5 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 18.5 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (3.3%) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი ისრაელისა (12.4 %) და თურქეთის (9.7 %) მოქალაქეებს ეკავათ.

ასევე, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად (79.9%) რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სტუმრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა, თუმცა სასტუმროებში განთავსებულ უცხოელ სტუმართა შორის აზერბაიჯანის მოქალაქეების წილი - 3.5%, ხოლო სომხეთის მოქალაქეების წილი 3%, რაც შესაძლებელია აიხსნას იმით, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან, ძირითადად, ნათესავების მონახულების ან სხვა ისეთი მიზნით გვსტუმროებენ, რის გამოც მათი დიდი ნაწილი სასტუმროს მომსახურებით არ სარგებლობს.

ცნობისთვის: სტატისტიკის ეროვნული სამსახური სასტუმროების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი საქმიანობის პროფილით, ოფიციალურად რეგისტრირებული ორგანიზაციებისგან იღებს.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა