მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატში შტატგარეშე სამუშაოსთვის 2021 წელს 404,695 ლარი გაიცა - აუდიტი

63937bede2c7a
ალა ისპირიანი
09.12.22 23:00
726
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქსტატში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე შტატიანი თანამშრომლები შრომითი ხელშეკრულებით შეთავსებით შტატგარეშედ მუშაობდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ორ პოზიციაზე იყვნენ დასაქმებული.

აუდიტი წერს, რომ საქსტატში დასაქმებულების სამუშაო დროის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა სათანადო კონტროლს, შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები რა დროს უთმობდნენ ძირითად სამუშაოს და რამდენს შეთავსებით სამუშაოს, რაც ხელს უშლის ხარჯების ეკონომიურ განკარგვას.

დოკუმენტში წერია, რომ შეთავსებით მუშაობისას შრომითი ხელშეკრულებით ანაზღაურებულმა თანხამ 2020 წელს 202,325 ლარი, ხოლო 2021 წელს 404,695 ლარი შეადგინა.

"აღნიშნული განპირობებული იყო საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 8 თებერვლის №13 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ფარგლებს გარეთ„საქსტატის“ სისტემაში დასაქმებული პირების მიერ შეთავსებით სამუშაოს, მისი შესრულების ფორმის და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების განსაზღვრისა და გაცემის წესით“, რომელიც საშუალებას აძლევდა შტატიან თანამშრომლებს, ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათებშიც შეთავსებით შეესრულებინათ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო.

საშტატო თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლების სარგო განისაზღვრება ნამუშევარი საათების მიხედვით და შრომის ანაზღაურების პირველად დოკუმენტს საშტატო განრიგთან ერთად წარმოადგენს ნამუშევარი დროის ამსახველი დოკუმენტი − ტაბელი. შესაბამისად, საშტატო სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილი დროის რესურსის გამოყენება სხვა საქმიანობისთვის (მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისთვის) წარმოადგენს საჯარო მოსამსახურის რესურსების არაპროდუქტიულ გამოყენებას.

2020 წელს − 68, ხოლო 2021 წელს − 93 შტატიანი თანამშრომელი პარალელურად მუშაობდა შრომითი ხელშეკრულებით.

შეთავსებით მუშაობისას შრომითი ხელშეკრულებით ანაზღაურებულმა თანხამ 2020 წელს შეადგინა 202,325 ლარი, 2021 წელს − 404,695 ლარი.

ამასთანავე, გაურკვეველია შტატით განსაზღვრული სამუშაოებისთვის განკუთვნილი დროის რა ნაწილი დაიხარჯა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე.

ზემოთ აღნიშნული 8 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ფარგლებს გარეთ „საქსტატის“ სისტემაში დასაქმებული პირების მიერ 2022 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 10 შეთავსებით სამუშაოს, მისი შესრულების ფორმის და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების განსაზღვრისა და გაცემის წესი“ ვერ უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნის დაცვას. შესაბამისად, შტატიან თანამშრომლებს საშუალებას აძლევდა სამუშაო საათებშიც შეესრულებინათ შეთავსებით შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო, რაც ზრდის არაეკონომიური ხარჯების გაწევის შესაძლებლობას", - წერს აუდიტი.