29.თებერვალი .2020 20:20

საქველმოქმედო ფონდი ,,აი ია" საქველმოქმედო საღამოს ,,სმენა ცხოვრებისთვის 2020“ გამართავს

views 244
უკან

საქველმოქმედო ფონდი ,,აი ია“ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 2020 წლის 2 მარტს, 18:30 სთზე ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სმენის კვირეულის ფარგლებში საქველმოქმედო საღამოს ,,სმენა ცხოვრებისთვის 2020“ გამართავს.

ღონისძიება მსოფლიო კოხლეარული იმპლანტისა (25 თებერვალი) და სმენის საერთაშორისო დღეს (3 მარტს) ეხმაურება. თბილისში კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომ რეაბილიტაციური სერვისების ნაკლებობისა და აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრის შექმნაა დაგეგმილი.

ღონისძიებაზე მოსულ პირებს შეეძლებათ წვლილი შეიტანონ უნიკალური სარეაბილიტაციო სივრცის მშენებლობაში, რომელიც დგებუაძის #1-ში მდებარეობს და ის ფონდს ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტმა პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებითა და ინვესტიციის განხორციელების პირობით გადასცა.


ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო და სახალისო აქტივობებში, რომელიც შემდეგ სივრცეებში იქნება განაწილებული:

I - მხოლოდ ყურით გვესმის?
II - იმოქმედე სწრაფად;
III - გააკეთე შენით ;
IV - საგამოფენო სივრცე ;
V - ჩვენ გვესმის ერთმანეთის;

და ისიამოვნონ ინკლუზიური სპექტაკლით ,,წუნა და წრუწუნა“.

ღონისძიებას დაესწრებიან საჯარო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკითხით დაინტერესებული პირები, მშობლები, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და სხვ.

ჩვენ გვესმის ერთმანეთის! - ეს საღამოს მთავარი გზავნილია, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2020 წლის სლოგანი: ,,სმენა ცხოვრებისთვის - არ მისცე სმენის დაქვეითებას უფლება შეგზღუდოს!“ - გახლავთ!