28.თებერვალი .2020 19:18

„სარაგბო კლუბ ბათუმში“ მწვრთნელად, მასაჟისტად და დაცვის უფროსად 1 პირი იყო გაფორმებული-აუდიტი

views 2181
უკან

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმში“ მწვრთნელად, მასაჟისტად და დაცვის უფროსად ერთი პირია გაფორმებული, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც აჭარის ა/რ და ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 2017-2018 წლების აუდიტის ანგარიშს ასახავს.

„შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო განრიგით დამტკიცებული და დასაქმებულია 3 მასაჟისტი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2 ფიზიკური პირის მიერ, მასაჟისტის პოზიციით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო არ დასტურდება და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი, მათ შორის, ერთ-ერთი ფიზიკური პირის სამსახურში გამოცხადებაც კი, არ დასტურდება. აღნიშნულ პირობებში,  აუდიტის პერიოდში შპს-ის მიერ შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 8,250 ლარი.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება - 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო ერთეულით გათვალიწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ფიზიკური პირები, რომელთა მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე არ არის წარმოდგენილი მომსახურების ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება და შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ჯამში, ორ პირზე გაცემულია ანაზღაურება 13,000 ლარი. აღნიშნული გარემოება წარმოშობს შპს-ის ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ამასთან, დასკვნაში საუბარია სხვა მიგნებებზეც, მაგალითად, შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ სპორტსმენებზე მიმწოდებლის მიერ მომსახურების ფაქტობრივად გაწევა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. შედეგად, მიმწოდებელს თანხა მიღებული აქვს ისეთ მომსახურებაზე, რომელიც შესაძლოა არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოება შპს-ის მიერ ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკზე მიუთითებს;

"შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მიერ სპორტსმენებისთვის ბინის დაქირავება, რიგ შემთხვევაში, განხორციელებულია საჭიროების დასაბუთების გარეშე, არაერთგვაროვანი მიდგომით და საბაზრო ფასებთან შეუსაბამოდ. შედეგად, შესაძლოა, შპს-ის მიერ ფულადი სახსრები არარაციონალურად დაიხარჯა;

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ სპორტსმენთა საჭიროებისათვის კვების პროდუქტების შეძენა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. ამასთანავე, გასვლითი კალენდარული მატჩის ჩატარებისათვის, გუნდის უცხოეთში მგზავრობის მომსახურების შესყიდვა, ნაცვლად ელექტრონული ტენდერისა, განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხაზე სრულად არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები", - წერია ანგარიშში.