მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სარეკლამო კამპანიები სწორად რომ დაგეგმილიყო, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდოდა” - "ტრეფიკ თრეველი"

60a7ee6c8b3a2
ანუკა ჯოხაძე
21.05.21 22:17
816
ეკონომიკის მინისტრის პროგნოზებით მიმდინარე წელს ქვეყანაში ტურიზმი 30-50%-ით აღდგება. მისი მტკიცებით, ქვეყანაში უკვე აქტიურად შეინიშნებიან სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორები. ტურიზმის აღდგენასთან მიმართებით პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებს ფინანსთა მინისტრის მოადგილეც. გიორგი კაკაურიძე თვლის, რომ წელს ტურიზმის გასული წლის მაჩვენებლის 25%-ის აღდგება.

"ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელს ცოტნე ჯაფარიძეს ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით გადამეტებული ჰგონია. მისი თქმით, ქვეყანაში კი შეინიშნებიან ტურისტები, მაგრამ ეს რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ტურიზმმა 2019 წლის ნიშნულთან მიახლოება დაიწყოს. ჯაფარიძის თქმით, ტურისტული ნაკადები, რომელიც ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნიდან შეიშნებოდა, დასვენების დღეების დამსახურება იყო. მისი თქმით, მთავრობას მიზნობრივ ქვეყნებში სარეკლამო კამპანია დროულად რომ დაეწყო, იმაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდოდა, ვიდრე დღეს არის.

“მთავრობის მხრიდან საუბარი, რომ ტურისტებმა ქვეყანაში მოიმატა, გადავრჩით და სექტორს ეშველება, ეს მათი დამსახურება არ არის. ეს იმიტომ, რომ ახლა ამ პერიოდში დაემთხვა რამადანის დასვენების კვირა, რაც არის ავტომატურად დასვენების დღეები სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ზუსტად ამ დასვენების დღეების გამო, რადგან არსებული შეზღუდვების გამო დიდი არჩევანი არ ჰქონდათ, რომელ ქვეყანაში წასულიყვნენ, ამიტომ საქართველოში მათი პირველი ტალღა გამოჩნდა.

ეს არ გამოუწვევია არანაირ რეკლამას ან პიარს, რომელიც უნდა განხორციელებულიყო სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რაც ორმაგად და სამმაგად მეტ ტურისტს შემოიყვანდა საქართველოში. ეს არ გაკეთდა და საქართველოში ამ ხალხის შემოსვლა თვითდინებით მოხდა. პოტენციურად სწორედ რომ დაგეგმილიყო სარეკლამო კამპანიები უფრო მეტი ტურისტი შემოვიდოდა. ჯავშნები ისევ ძალიან შემცირებულია, ბევრი სასტუმრო და რესტორანი არც გახსნილა და ფიქრობენ გაიხსნან თუ არა. წელს 2019 წლის 20%-ს მაინც თუ ვიმუშავებთ ეს იქნება კარგი შემთხვევა", - ამბობს "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.