მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარესტორნე სფეროში კადრების დეფიციტია – "აღარ უღირთ აქ დაბრუნება"

60c4c8ed6aa6f
თათია ჩაფიჩაძე
12.06.21 19:00
1161
სარესტორნე ბიზნესი ახალი გამოწვევის წინაშეა – ერთწლიანი შეზღუდვების გამო სექტორში მომუშავე პირების დიდი ნაწილი სხვა დარგებში გადანაწილდა, დღეს კი დაბალი ანაზღაურების გამო უკან დაბრუნების მოტივი არ აქვთ.

"გასტრონომიის ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ საშუალო ანაზღაურება 600-700 ლარია, გაზრდილი ხარჯების გამო კი რესტორნებს ხელფასების ზრდის რესურსი არ აქვთ. ვითარების გამოსწორების გზას ქოქიაშვილი ისევ სახელმწიფოს დახმარებაში ხედავს და ამბობს, რომ კარგი იქნება თუ მთავრობა სექტორისთვის მომდევნო 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის შეღავათის პროგრამას გააგრძელებს.

„კრიზისიდან გამომდინარე ბევრი ობიექტი დაიკეტა და დღეს მომხარებელი უფრო მეტია, ვიდრე ადგილი რესტორნებში. კადრები ცოტაა, იმიტომ, რომ ამ დროის განმავლობაში სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებულების დიდი ნაწილი სხვა დარგებში გადანაწილდა, არ ენდობიან ამ სფეროს და აღარ უღირთ აქ დაბრუნება.

პრობლემა ორმხრივია, არ იზრდება ხელფასები გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ რესურსი კვების დაწესებულებებს და მეორე, დოლარმა ძალიან შეიცვალა მდგომარეობა, ადამიანებს აღარ უღირთ 600-700 ლარად მუშაობა იმიტომ, რომ ოჯახს ვერ არჩენენ და შუაში ვართ გაჭედილები. ამიტომ მგონია, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან რეაგირება.

შეღავათები უნდა იქნას მოძიებული, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავასაქმოთ. მაგალითად იცით, რომ მაისის ბოლოს დასრულდა სახელფასოზე შეღავათები და თუ ეს გაგრძელდება კიდევ 6 თვე ჩვენი დარგისთვის ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ამ თანხებს, რაც სახელწიფოს უნდა გადავუხადოთ, გადავუხდით ადამიანებს და დავაინტერესებდით მეტი ხელფასით, ეს ხელს შეუწყობდა კადრების დაბრუნებას“ - უთხრა BM.GE-ს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ლევან ქოქიაშვილმა.

მაისის ჩათვლით ბიზნესს საშემოსავლო გადასახადის შეღავათით სარგებლობა შეეძლო, კერძოდ: დამქირავებელი აღარ იხდიდა საშემოსავლო გადასახადს 750 ლარამდე ხელფასზე, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასზე, პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან იყო გათავისუფლებული.