მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარესტორნო ბიზნესი მომსახურების გაძვირებას პროგნოზირებს - მიზეზი გაზის ტარიფის ზრდაა

5fd25d0d0c3f8
ანუკა ჯოხაძე
10.12.20 23:30
824
2021 წლის 3 იანვრიდან, თბილისში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი ძვირდება, გამონაკლისი პურის საწარმოებია. სხვა ყველა შემთვევაში კი, თუ დღეს კომპანიები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს იხდიან, შემდეგი წლიდან 24 თეთრით ძვირის გადახდა მოუწევთ - ტარიფი ლარი და 10 თეთრი ხდება.

ბიზნესი უკვე საუბრობს პროდუქციისა და მომსახურების შესაძლო გაძვირებაზე. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები კი, რომლებმაც მთავრობას მოთხოვნების ნუსხით არაერთხელ მიმართეს, მოთხოვნებს შორის კომუნალური გადასახადების ნაწილში შეღავათების დაწესებას ასახელებდნენ, ამის საპასუხოდ კი მათ მომავალი წლიდან 24 თეთრით გაძვირებული ბუნებრივი აირის გადასახადი მიიღეს, არადა გაზი რესტორნებისთვის ისედაც შედარებით ძვირი ელექტროენერგიის ალტერნატივა იყო.

“რესტორნებისთვის გაზი იყო ალტერნატიული ენერგიის საშუალება იმიტომ რომ სამზარეულოები ან არის ელექტროენერგიაზე მომართული ან კიდევ გაზზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის გათბობა. ახლა კი დაკეტილები ვართ და ამ ნაწილში დავზოგავთ თანხას, მაგრამ რესტორნები მაინც მუშაობენ მიტანის სერვისებზე. შესაბამისად, ბუნებრივი აირი გვჭირდება. გაზის ტარიფის გაზრდით ის ალტერნატივა მოგვიკლეს, რითაც მცირე ეკონომიას ვაკეთებდით. ეს პირდაპირ არის მიბმული ფასების ზრდაზე.

შემსყიდველი ადამიანი თუ ყიდულობდა რაღაცას პირობითაც 1 ლარად, ტარიფიდან გამომდინარე ახლა უკვე ლარს და 5 თეთრს, ლარს და 7 თეთრს გადაიხდის", - ამბობს რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში მოქმედმა შვიდმა ბიზნეს ასოციაციამ გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ბიზნეს ასოციაციები „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გაზის კომერციული ტარიფი 0.24 ლარით გაიზარდა.

ბიზნეს ასოციაციების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილება გაუგებარია განსაკუთრებით ახლა, მძიმე პანდემიურ პერიოდში და ეკონომიკური კრიზისის დროს. წერილში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით „თბილისი ენერჯი“ „ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს“.

ბიზნეს ასოციაციები „თბილისი ენერჯის“ მენეჯმენტთან შეხვედრას და ამ საკითხის განხილვას ითხოვენ, ასევე ბიზნესი მოუწოდებს მთავრობას, ჩაერთოს პროცესის რეგულირებაში.