მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარესტორნო ბიზნესი პრემიერს მიმართავს

5ebabf1d769b8
ელენე გოგბერაშვილი
12.05.20 19:27
1842
გლობალური პანდემიის გავლენით შექმნილი კრიზისის გამო შეჩერებული ბიზნესები ხელისუფლებას ბანკებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. სესხებზე დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება, კერძო სექტორი კი, არარსებული შემოსავლების ფონზე აცხადებს, რომ საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივების გარეშე საბანკო ვალდებულებებს ვერ მოემსახურებიან.

თუ ბანკები სასესხო ვალდებულებების გადავადებაზე უარს იტყვიან, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სარესტორნო ბიზნესიც. რესტორატორთა ასოციაციამ ბანკებთან შუამდგომლობის თხოვნით წერილი უკვე გაგზავნა ეკონომიკის მინისტრის სახელზე. წერილს მიიღებს პრემიერიც. სარესტორნო ბიზნესი საბანკო ვალდებულებების მინიმუმ ერთი წლით გადავადებას მოითხოვს.

„დღეს ჩვენ გავაგზავნეთ წერილი სახელმწიფო სტრუქტურებთან, სადაც ჩვენი მოთხოვნა არის მინიმუმ ერთი წლით გადავადდეს საბანკო ვალდებულებები, რაც გააჩნიათ ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს. რეალურად თუ ჩვენ შევამცირებთ ამ პირების ვალდებულებებს, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ბიზნესები არ დაიხუროს, არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები. ეს არის ბიზნესის მოთხოვნა.

წერილი არ ეხება მხოლოდ საბანკო სექტორს; სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კორექტირებაზეა საუბარი, ასევე - მომავალში ბიზნესთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაზე. დაახლოებით, 8-9 პუნქტიანი გეგმა გავაგზავნეთ. ჩვენი მოთხოვნა არის შეხვედრა და ამ საკითხებზე მსჯელობა. პირადპირი ადრესატი ეკონომიკის მინისტრია. წერილს პრემიერის სახელზეც გავგზავნით", - აცხადებს bm.ge-ისთან რესტორატორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.