მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარეზერვო მოთხოვნის შემცირება დოლარიზაციას გაზრდის - გვენეტაძე საკუთარ პოზიციას განმარტავს

5ea966890e554
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.20 15:35
1095
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, თუ რის გამო არ უჭერს ის მხარს საბანკო სისტემისთვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბანკებისთვის ეს მოთხოვნა შემცირდება, ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა არის მოსალოდნელი, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალ დოლარიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის. 

კობა გვენეტაძე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შესახებ წერს:

"ბოლო პერიოდში არაერთხელ წავიკითხე მოსაზრება, რომ ეკონომიკის წახალისების „წამალი“ საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ან საერთოდ, განულებაა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეთოდი არ გამოდგება და ქვემოთ ავხსნი, თუ რატომ: 

მოკლევადიან პერიოდში ამან, შესაძლოა, მართლაც იქონიოს გავლენა, რადგან უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის შემცირება ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის სესხების ზრდას და ამ გზით იზრდება უცხოური ვალუტის მიწოდება სავალუტო ბაზარზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავდროულად იზრდება ეკონომიკის დოლარიზაცია და მასთან დაკავშირებული რისკებიც (პოსტის დასასრულს, იხილეთ სამი სარეიტინგო კომპანიის შეფასება საქართველოში დოლარიზაციასთან დაკავშირებით). იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების საჭიროება, ყოველთვის სჯობს, მიწოდება მოხდეს პირდაპირი ინტერვენციების გზით, ვიდრე არაპირდაპირ, უცხოური ვალუტის სესხების წახალისების გზით, რადგან ეს უკანასკნელი ქვეყანაში დიდი რისკების და პრობლემების დაგროვებას იწვევს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უცხოური ვალუტის სესხების დაფარვის დროს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება უფრო მეტად, ვიდრე სესხის გაცემის დროს მიწოდება გაიზარდა, რადგან გადასახდელი კრედიტის ძირითად თანხას საპროცენტო სარგებელიც ემატება. აქედან გამომდინარე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, უცხოური ვალუტის სესხების წახალისებას ლარის კურსზე უარყოფით გავლენა აქვს, რაც, მოლოდინების არხით უკვე დღესვე მოქმედებს სავალუტო ბაზარზე და, შესაძლოა, უცხოური ვალუტის მიწოდების მოკლევადიანი ეფექტიც გადაწონოს. 

ამავე დროს, მიმდინარე პერიოდში, როდესაც ბანკებს საკუთარი ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობა უცხოურ ბანკებში აქვთ განთავსებული, დამატებითი რეზერვების გამოთავისუფლება ადგილობრივ ბაზარზე ბევრს ვერაფერს შეცვლის. თუ ამ თანხებით არსებული მოზიდული სახსრები დაიფარა, ეს, ამ ისედაც მაღალი გაურკვევლობის ფონზე, რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის. 

უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები საფინანსო სისტემისთვის უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მნიშვნელოვანი ბუფერია. ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. დიახ, დღევანდელი სიტუაცია არაორდინარულია, მაგრამ ჩვენ ყველანაირი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად და ყველა აქამდე შექმნილი და დაგროვებული რესურსი მხოლოდ მიზნობრივად (ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია!) უნდა გამოვიყენოთ. იმ შემთხვეაში, თუ სისტემაში გაჩნდა უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დანაკლისი, სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას ამ დანაკლისის შესავსებად გამოვიყენებთ. ამ ბუფერის ლარის კურსის მხარდასაჭერად ან ეკონომიკის წასახალისებლად გამოყენებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საფინანსო სისტემას. 

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარეზერვო მოთხოვნას არასოდეს შევამცირებთ ან არ გავზრდით: იქნება შემცირებაც და იქნება გაზრდაც. მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებას ყოველთვის არსებული სიტუაციის მიხედვით მივიღებთ და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად საფუძვლიანი არგუმენტები ექნება. 

რაც შეეხება სავალუტო ინტერვენციებს, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სავალუტო ინტერვენციების მიმართულებით, მიმდინარე სიტუაციის გამო, საჭიროების მიხედვით, უფრო აქტიურები ვიქნებით. თუმცა ხაზს გავუსვამ - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უარს ამბობს მცურავ კურსზე, და არც იმას, რომ ბაზარზე მერყეობა აღარ იქნება. ეროვნული ბანკის მიზანი არ არის, რომ კურსი რამე დონეზე შეინარჩუნოს და კურსის საბაზრო დინამიკას ხელი შეუშალოს. ჩვენი მხრიდან აქტიურობის ზრდის მიზანია, კერძო სექტორში შექმნილი დანაკლისი ნაწილობრივ დაბალანსდეს მთავრობის უცხოური ვალუტის შემოდინებებით, რომლებიც ბაზარზე ინტერვენციების საშუალებით მოხვდება. მცურავი გაცვლითი კურსი და გაცვლითი კურსის მოქნილობა შოკებთან გასამკლავებლად ქვეყნის კვლავ მნიშვნელოვანი დამცავ ინსტრუმენტად და ბერკეტად რჩება. 

დღევანდელ არაორდინარულ პირობებში უცხოური ვალუტის ბაზრისთვის მისაწოდებლად, არსებულ სავალუტო აუქციონებთან ერთად, ეროვნული ბანკი უკვე იყენებს წესებზე დაფუძნებულ ინტერვენციებს. აღნიშნული ინტერვენციების მიზანი ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირებაა, რაც მნიშვნელოვანია ძირითადი ამოცანის - ფასების სტაბილურობისთვის. როდესაც კურსის მერყეობა წინასწარ დადგენილ ნიშნულს გადასცდება, ეროვნული ბანკი ვაჭრობაში განსაზღვრული ოდენობით იღებს მონაწილეობას. ამ ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია თვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე სტატისტიკის სექციაში. ამიტომ ის, რომ ინფორმაცია ჩვენი ინტერვენციების შესახებ ყოველდღიურად არ ქვეყნდება, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ რთულ პერიოდში ინერტულად ვუყურებთ სავალუტო ბაზარს. განვმეორდები - ინფორმაცია ჩვენი სავალუტო აუქციონებში მონაწილეობის შესახებ გამოქვეყნდება დაუყოვნებლივ, ხოლო ინფორმაცია წესებზე დაფუძნებული ინტერვენციების შესახებ - კუმულატიური სახით, თვეში ერთხელ. 

ჯამში, ჩვენი ქმედებები იქნება ყოველთვის გაანალიზებული, არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ (შეიძლება უფრო ხშირადაც) მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი. ასეთი პოლიტიკით ჩვენ ხელს შევუწყობთ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც გრძელვადიან პერიოდში დაბალი და სტაბილური ინფლაციისა და მაღალი და მდგრადი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. 

მესმის, რომ კარანტინმა და თვითიზოლაციამ ბევრს „უბიძგა“ ეპიდემიოლოგობისკენ, ინფექციონისტობისკენ. ზუსტად ვიცოდი, რომ ეკონომიკური ექსპერტიზაც არ მოგვაკლდებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს პოზიციას ვაკნინებ - ეკონომისტები ყოველთვის დავობენ და მიდგომები ხშირად განსხვავებულია. უბრალოდ, დღეს ვითარება, მართლაც, არაორდინარულია, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებიც დიდ რეცესიას პროგნოზირებენ და უახლოესი მომავალი ბოლომდე არცთუ ცხადია. საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პირობებში დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ბევრჯერ ვზომავთ და ვაფასებთ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს და ღონისძიებას, რათა დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ეკონომიკას სამომავლოდ არ შეუქმნას რისკები. 

აქვე გთავაზობთ სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს საქართველოში დოლარიზაციის პრობლემასთან დაკავშირებით: 

S&P 

25 თებერვალი, 2020. ჩვენი აზრით, დოლარიზაციის მაღალი დონე, მიუხედავად ბოლო წლების კლებისა, კვლავ ზღუდავს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას. მიუხედავად იმისა, რომ დეპოზიტების დოლარიზაცია 2016 წლის შედეგ 70%-დან 62%-მდე შემცირდა, კვლავ მაღალია. დადებითად უნდა შევაფასოთ ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებისაკენ მიმართული ხელისუფლების სწრაფვა, რაც მოიცავს ადგილობრივი და უცხოური ვალდებულებებისთვის ლიკვიდობის დიფერენცირებულ მოთხოვნებს, საპენსიო რეფორმის განხორციელებას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, დეპოზიტების დაზღვევის შემოღებას და სხვა ღონისძიებებს. 

Moody’s 

15 თებერვალი, 2020. საქართველოს საკრედიტო რეიტინგი (Ba2) ეყრდნობა შემდეგ ფაქტორებს: ... (ba) მოვლენის რისკის მიმართ მგრძნობელობა, რასაც მაღალ-დოლარიზებული მსხვილი საბანკო სექტორის ზომა და მისი საბითუმო დაფინანსებაზე მეტ-ნაკლებად დამოკიდებულება განაპირობებს; ასევე საგარეო მოწყვლადობა, რაც მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტს, მოკლევადიანი ვალის რეზერვებთან ფარდობის ზომიერად მაღალ დონეს და წმინდა უარყოფითი საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის მაღალი დონეს ასახავს. 

19 სექტემბერი, 2019. ამავე დროს, სესხების და დეპოზიტების დოლარიზაციის მაღალი დონე საქართველოს საბანკო სისტემის ძირითადი გამოწვევად რჩება, რადგან, ჩვენი შეფასებით, კურსის შესაძლო გაუფასურება ფინანსური სისტემის სტაბილურობის ძირითადი რისკია. მთავრობის და ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს დედოლარიზაციას, თუმცა გაცვლითი კურსის რისკის მიმართ მოწყვლადობის შემცირებას გარკვეული დრო დასჭირდება და დამოკიდებული იქნება საქართველოს მოსახლეობის ნდობაზე ლარის მიმართ. 

Fitch 

27 აპრილი, 2020. წლის ეკონომიკური რეცესია და უცხოური ვალუტის სესხების მაღალი წილი მთლიან პორტფელში (55% 2019 წლის ბოლოს), სავარაუდოდ, ბანკების აქტივების ხარისხის, შემოსავლიანობის და კაპიტალიზაციის გაუარესებას გამოიწვევს, რაც დამატებით ზრდის რისკებს უფრო ღრმა და ხანგრძლივი ეკონომიკური შენელების შემთხვევაში. 

8 აგვისტო, 2019. მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც მოწყვლადა გაცვლითი კურსის მერყეობისადმი, საგარეო ლიკვიდურობა სუსტია. მთლიანი საგარეო დაფინანსების ფარდობა საერთაშორისო რეზერვებთან მაღალია (87.4% 2018 წელს), ხოლო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების იმპორტის გადაფარვა დაბალია (3.1 თვე 2018 წლის ბოლოს),"- აღნიშნავს კობა გვენეტაძე. 

“სოლიდური საკონსულტაციო კომპანიისგან არ გამიგია ასეთი მოწოდება,”- დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 25%-ს შეადგენს. შექმნილი კრიზისის ფონზე, სებ-ს ამ მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდებდნენ, რადგანაც ამ შემთხვევაში ბანკებს გაუჩნდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი, რათა ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტება გაზარდონ.

სებ-ს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი და საკონსულტაციო კომპანია “რეფორმატიკსიც” მოუწოდბდნენ.

“ვფიქრობთ, რომ ლარის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია, მოხდეს დარეზერვების ნორმის შემცირება უცხოურ ვალუტაში,”- განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა

საინვესტიციო ბანკი Renaissance Capital-ი კი მარტში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნავდა, რომ სებ-ს აღნიშნული განაკვეთის 5%-ით შემცირება და შესაბამისად საბანკო სისტემისთვის $200 მილიონის გამოთავისუფლება შეეძლო.

TBC Research-ის მიმოხილვაში კი ნათქვამია, რომ სებ-ი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმას განიხილავდა, რაც საბანკო სისტემისთვის დამატებით, მნიშვნელოვანი რესურსების გამოთავისუფლებას გამოიწვევდა.