მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასაფლაოს დამლაგებლად ან დარაჯად მუშაობით სოცდაუცველი რა დამატებით უნარს შეიძენს? - მინისტრის პასუხი

632d825e1990b
ინგა მურუსიძე
23.09.22 13:51
1121

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დღეს პარლამენტში მივიდა, სადაც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. ის ინტერპელაციის წესით, პარტიამ „საქართველოსთვის“ მიიწვია.

რვა კითხვიდან, რომელიც მინისტრს წინასწარ გაეგზავნა და პასუხებიც წინასწარ მოამზადა, ერთი ეხებოდა მის პოზიციას, თვლის, თუ არა მინისტრი, რომ სასაფლაოს დამლაგებლად, დარაჯად, მუზეუმის დამლაგებლის თანაშემწედ და სხვ. დასაქმებული ადამიანები შეძლებენ დამატებითი უნარების შეძენას, რაც მათ დაეხმარებათ კერძო სექტორში დასაქმებისთვის მომავალში?

„საზოგადოებრივი სამუშაო წარმოადგენს სამუშაოს სახეს, რომლის შესრულება შეუძლია ნებისმიერი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე პირს. საზოგადოებრივი სამუშაოები წარმოადგენს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ინსტრუმენტს და მისი შექმნა ემსახურება მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა დასაქმების ხელშეწყობას. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამუშაო სტაჟის დიდხნიანი წყვეტა აქვს. ასეთი ტიპის სამუშაოები პროგრამის მოსარგებლეს ეხმარება დაძლიოს სამუშაოს დაწყების შიში და გადალახოს ყველა ის ბარიერი, რასაც ხანგრძლივი უმუშევრობა წარმოქმნის. ამასთანავე, პირი იძენს სამუშაო გამოცდილებას და აგროვებს სამუშაო სტაჟს“, - ამბობს მინისტრი.

ამასთან, კითხვაზე, როგორ ფუნქციონირებდნენ უწყვეტად, ეფექტიანად აღნიშნული დასაქმებულების გარეშე ეს უწყებები ხსენებული ქვე-პროგრამის ამოქმედებამდე, ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის შედეგად, არის ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მათ მისცა შესაძლებლობა დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით გაეზარდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა.

„საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტებში არსებობდა გამოწვევები, ასეთი ტიპის სამუშაოებზე მუშახელის დეფიციტისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო“, - თქვა მინისტრმა.