მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლო რომ დამოუკიდებელი იყოს, საზოგადოებას საარჩევნო დავების განაჩენზე ნდობა ექნებოდა - სახ.დეპი

5fb50be00a35e
შოთა ტყეშელაშვილი
18.11.20 16:10
954
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის დასრულების შემდეგ აქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ მედიისთვის გამართული ბრიფინგის ტრანსკრიპტს, რომელიც საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტსა და ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება. დოკუმენტში საუბარია, 31 ოქტომბრის არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე, ხმების გადათვლის პროცესის გაუმჭვირვალობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლოვანებებზე, რაც არჩევნებზე არსებული დარღვევეის სასამართლოს გზით გამოსწორების შესაძლებლობის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. დოკუმენტის თანახმად, სწორედ სასამართლოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ნაკლებობის გამო, ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე დღესვე მისი შედეგების მიმართ ბოიკოტი გამოაცხადა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დღეს საქართველოს პარლამენტო არის უფრო პლურალური ვიდრე აქამდე იყო, რაც გაზაფხულზე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები შედეგს წარმოადგენს. 

გამოქვეყნებულ ტრანსკრიპტში ამერიკელი დიპლომატები მოხსენიებული არიან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, თუმცა მათი სახელები აღნიშნულ ინფორმაციაში მითითებული არაა. 

ბრიფინგზე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის მიზანს სწორედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ მსჯელობა წარმოადგენდა. 

"სწორედ ეს იყო სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო სექტორთან სასამართლო რეფორმაზე შეხვედრის მიზეზი, რადგან, საქართველოში რომ იყოს ნამდვილად დამუკიდებელი სასამართლო, საარჩევნო დარღვევების ბრალდებები, რაც გამოითქვმა, გადაიჭრებოდა სასამართლოში და შესაბამისად საზოგადოებას ექნებოდა განაჩენის ნდობა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალური პირების ბრიფინგი: 

"მოგესალმებით, არ ვიცი, რამდენი თქვენგანი იცნობს საქართველოს. დავიწყებ იმის თქმით, რომ ეს არის ახალგაზრდა დემოკრატია, დაახლოებით, 20 წლის. 90-იანი წლები საქართველოსთვის დაკარგულ ათწლეულს წარმოადგენდა, როდესაც ქვეყანაში არეულობის პერიოდი იდგა. შესაბამისად, დაახლოებით, 20 წელია რაც საქართველო დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში აშშ მას მხარს უჭერს, რათა ქვეყანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები შექმნას. ჩემი აზრით, ჩვენ ეს ინსტიტუტები ამ არჩევნებზე ვიხილეთ. საქართველო მთელი გასული 30 წლის განმავლობაში ნაკლოვანებების მქონე არჩევნებს ატარებდა და ჩვენ ვიხილეთ დარღვევები ამ არჩევნებზეც. ხმების მოსყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, რაც საჯარო მოხელეთა მიყვანა ხმის მისაყვანად. 

რაც იყო განსხვავებული ამ წელს იყო კორონავირუსი. ამჯერად, არ ყოფილა ჩვეული დიდი მცირე ვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფები. იყო გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი და გარკვეული რაოდენობით მცირე ვადიანი დამკვირვებლები ეუთოდან, მაგრამ ბევრი არა. და ასევე, რა თქმა უნდა, აშშ-ის და სხვა საელჩოების მისიებმა გაგზავნეს არაოფიციალური, არაფორმალური ჯგუფები. 

ბევრმა, ისევე როგორც ეუთომ, შეაფასა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, უკეთესიც კი, რაღაც კუთხით - ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები ზოგიერთი ფორმის უფრო აგრესიული ტაქტიკა, რაც წინა არჩევნებზე გვხვდებოდა, პატივს სცემდნენ ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ მათ ასევე დააფიქსირეს დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლებზე ზეწოლა, რაც საქართველოს არჩევნებს თან სდევს 30 წელია. ეს ჩვენმა გუნდმაც ნახა. საელჩოს განცხადებაში ეს ჩანს", - ნათქვამია დოკუმენტში. 

ბრიფინგის ტრანსკრიპტის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების საპარლამენტო ტრიბუნებისკენ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამავე ტექსტში საუბარია ოპოზიციის მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს გამოყენებაზე, თუმცა ნათქვამია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი ნდობის ნაკლებობა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე, საუბარია, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ნაკლებობასა და მისი რეფორმირების აუცილებლობაზე. ხაზგასმულია, რომ ცესკომ ხმების გადათვლის პროცესი სათანადო გამჭვირვალობის გარეშე წარმართა. 

ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას გაასაჩივროს დარღვევები კანონიერი გზებით, რომლებიც საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნა. სამწუხაროდ, მათ და საქართველოში კიდევ ბევრს არ აქვს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნდობა. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც ჩამოყალიბების ეყაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართეს, არ ჰქონიათ რწმენა, რომ საჭირო განხილვას მიიღებდნენ. ამიტომ, არჩევნების მეორე დღიდან ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ. 

რამაც გამოიწვია ჩვენი ყოყმანი არის შედეგები, გამოთვლები არ იყო ძალიან აცდენილი. ოფიციალური შედეგები ზოგიერთ შემთხვევაში ახლოს იყო ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩატარებულ პარალელურ დათვლებთან. ამიტომ მაშინათვე ცხადი არ იყო ეს იყო მასშტაბური დარღვევებით ჩატარებული არჩევნები. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნები, რომელთა შემდეგ ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ? კიდევ ერთხელ - ჩვენ ყველას მოვუწოდებთ გამოიყენონ კანონიერი საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში შექმენით ამ ბრალდებების განსახილველად - გადათვლების და მსგავსი საკითხების, რაც ისე გამჭვირვალედ არ მოხდა, როგორც საჭირო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც გაზარდა ეჭვი შედეგების სანდოობის მიმართ. 

ევროკავშირის ელჩთან ერთად ყველა პარტიასთან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ, მათ შორის რამდენიმე შეხვედრას, რომელშიც ყველა პარტია ერთად მონაწილეობდა, რათა გვენახა შესაძლებელი იყო თუ არა მოლაპარაკების გზით გამოსავლის მოძებნა ჩიხიდან, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან ცვლილებებისთვის და არა კვლავ ბოიკოტს. მათი ასე ვთქვათ რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები. 

ეს მოხდა გასულ ზაფხულს, როდესაც მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც მეტად პოპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა. და ამ საარჩევნო სისტემამ, ახალმა სისტემამ, იმუშავა. საქართველოს ახლა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე. მასში 9 პარტია შევიდა, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულ პერსპექტივებს და ხედვას წარმოადგენენ, ცვლილების შედეგად არის მეტი ქალი. ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე ვნახეთ, უნდა ყოფილიყო საარჩევნო რეფორმაში ასახული. ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს აწყობდა, ამიტომ საარჩევნო რეფორმა ისეთი მძლავრი არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის მონაწილეები რომ ყოფილიყვნენ პარლამენტის შიგნით. ამიტომ, იმის ნახვა, რომ ისინი კვლავ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ უკვე ნანახი ფილმის ყურებაა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მრავალმნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და ჩვენ ვეღარ ვნახავთ იმავე დარღვევების განმეორებას," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პატრიარქ ილია მეორესთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.