მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მართვის რეჟიმი 3 წლით გაახანგრძლივა

5f2420e6e5c6b
შოთა ტყეშელაშვილი
31.07.20 18:16
1434
საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიაში - “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მართვის რეჟიმი, რაც 2017 წლიდან იყო ძალაში, კიდევ 3 წლით გახანგრძილვდა. შესაბამისი განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო და კომპანიის სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს უფლებამოსილება 2023 წლის 10 მაისამდე გაუხანგრძლივა.

კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა 2017 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით, კერძო კომპანიის დირექტორს უფლებამოსილებები შეუჩერა და ის სპეციალურ მმართველს გადასცა.

სასამართლოს განჩინებით, სპეციალურ მმართველს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა აქვს დავალებული.

როგორც ირკვევა, კომპანიაში სპეც. მართვის რეჟიმის გახანგრძლივებაზე განაცხადი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 7 მაისს გააკეთა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა კიდეც. ახალი განჩინებით სპეციალური მმართველის ხელფასიც არის განსაზღვრული და ის თვეში 8,000 ლარს შეადგენს.

BMG-იმ “ჯორჯიან მანგანეზს” სპეციალური მართვის რეჟიმის გახანგრძლივებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების, ასევე ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინვესტიციების მოცულობის შესახებ კითხვებით მიმართა. კომპანიის პასუხს მკითხველს მიღებისთანავე გავაცნობთ.

“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს, მათ შორისაა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს, ფერომანგანუმს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.

ფეროშენადნობები საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. 2019 წლის განმავლობაში მისმა ექსპორტმა $302.9 მილიონი შეადგინა და უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მესამე ადგილი დაიკავა. აქედან ყველაზე დიდი ღირებულების - 116 მილიონი დოლარის ფეროშენადნობები აშშ-ში გავიდა ექსპორტზე.