მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ კარფურის წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლების სარჩელები წარმოებაში მიიღო

60976d599b6b2
ელენე გოგბერაშვილი
09.05.21 11:46
3959
საქალაქო სასამართლომ კარფურის წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების რამდენიმე სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო. ამ დროისათვის საერთაშორისო ბრენდს უკანონო და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამო სასამართლოში 9  ქართული კომპანია უჩივის და რამდენიმე სარჩელს იურისტები კიდევ ამზადებენ.

დავის საგანი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტურია. ქართული კომპანიები კარფურს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდური თანხების ჩამოჭრას ედავებიან. კომპანიების დიდმა ნაწილმა უკვე გაწყვიტა ბრენდთან ხელშეკრულება და პროდუქციის მიწოდება შეაჩერა. მას შემდეგ, რაც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ კარფურის წინააღმდეგ დავის დაწყების შესახებ დაანონსა, bm.ge-ს რამდენიმე კომპანია თავად დაუკავშირდა.

როგორც ირკვევა კარფური თანაბრად ეპყრობა თითქმის ყველა მიმწოდებელ კომპანიას: ახდევინებს ქსელში დაშვებისთვის საკამოდ სოლიდურ თანხას, აკისრებს ე.წ მარკეტინგულ გადასახადს და მიმწოდებლებთან შეთანხმების გარეშე ყოველ გახსნილ ახალ ობიექტზე მორიგ შესვლის საფასურს და მარკეტინგულ ხარჯს ასანაზღაურებელი თანხიდან უქვითავს. როგორც კომპანიები ამბობენ, პრობლემაა ორენოვანი კონტრაქტიც, რომელთა შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავებულია და ინგლისურ ვარიანტი შეფარვით სხვადასხვა გადასახადია ჩადებული, რასაც კარფური თავის სასარგებლოდ იყენებს და ქართულ კომპანიებს სოლიდურ თანხებს აჭრის.

კომპანიების ნაწილს იურიდიულ მომსახურებას NEXIA TI-ს იურისტები უწევენ. მათი თქმით, კარფურის წინააღმდეგ ქართული კომპანიების დავის დაწყების შესახებ მედიაში გასული ინფორმაციის შემდეგ, ძალიან ბევრი კომპანია გამოთქვამს სურვილს საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის პროცესში ჩაერთოს.

"ნექსიას გუნდმა 4 სარჩელი შეიტანა სასამართლოში კარფურის წინააღმდეგ. დღეის მდგომარეობით, ოთხივე მიღებულია  წარმოებაში. რაც შეეხება კარფურის პოზიციას, დღემდე არ წარმოუდგენია დასაბუთებული შესაგებელი ჩვენს მოთხოვნაზე ანუ დღემდე არ ვიცით მათი ზუსტი პოზიცია, თუ რა გარემოებებზე აპელირებს, როდესაც ის ახდენდა ამ თანხების ჩამოჭრას.

სხვათაშორის რეპორტაჟების გასვლის შემდეგ კომპანიების მომართვიანობა გაიზარდა. მაგალითად რამდენიმემ უკვე დაგვიდასტურა სურვილი შევიტანოთ სარჩელი სასამართლოში. გადმოგზავნილია დოკუმენტები, ჩვენ ვამუშავებთ მას და ვემზადებით სასამართლოში სარჩელის შესატანად.

გარდა ამისა, რამდენიმე კომპანია ასევე დაგვიკავშირდა და გამოთქვა სურვილი შეიტანონ სარჩელი სასამართლოში კარფურის წინააღმდეგ და მათი მხრიდანაც ველოდებით დოკუმენტაციას, რათა შევაფასოთ მათი მოთხოვნის მოცულობა და განვსაზღვროთ სასამართლოში სარჩელის შეტანის პერსპექტიულობა" -აცხადებს შოთა მახათაძე ნექსიას უფროსი იურისტი.

 ჩვენი რამდენიმე შეთავაზების მიუხედავად კარფური კვლავ უარს ამბობს, მოსარჩელე მხარის ბრალდებებს უპასუხოს.