მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ “კავკასუს ონლაინის” სპეციალურ მმართველს უფლებამოსილება აღუდგინა

606f24e98409e
BM.GE
08.04.21 19:42
1336
თბილისის სააპელაციო სასამართლომ “კავკასუს ონლაინის” სპეციალურ მმართველს მარიამ სულაბერიძეს უფლებამოსილება აღუდგინა - ეს გადაწყვეტილება უკვე აისახა საჯარო რეესტრის ამონაწრშიც. საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან ირკვევა, რომ შესაბამისი განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 7 აპრილს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ “კავკასუს ონლაინის” სპეციალურ მმართველს სააპელაციო სასამართლომ უფლებამოსილება 2021 წლის 1 მარტს შეუჩერა, მაშინ მოსამართლემ განჩინებაში მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის უფლებამოსილება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდებოდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს განჩინება გაასაჩივრა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ. ამჯერად სასამართლომ სწორედ კომუნიკაციების კომისიის არგუმენტები გაიზიარა და მარიამ სულაბერიძეს “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის უფლებები კვლავ მიანიჭა.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე წერია:

“განცხადებაზე თანდართულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის პირველი მარტის განჩინება ,,ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითედის'' კერძო საჩივრის
დაკმაყოფილებისა და სარჩელის უზრუნევლყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის პირველი მარტის № 3ბ/2551-20 (01.03.2021 ) ზემოაღნიშნული განჩინების თანახმად, შეჩერდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 01.10.2020 წლის № გ-20- 18/747 გადაწყვეტილების მოქმედება მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მარიამ სულაბერიძე (პ/ნ 01005006266) რეგისტრირებული იყო შპს ,,კავკასუს ონლაინის“ (ს/ნ 211380833) სპეციალურ მმართველად.

ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს № 3ბ/2551-20 (01.03.2021 ) განჩინების საფუძველზე შეჩერდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების რომლითაც მარიამ სულებერიძე დაეგისტრირდა სპეციალურ მმართველად) მოქმედება მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სააგენტომ მიიღო NB21023093/3 (11/03/2021) გადაწყვეტილება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ (ს/ნ 211380833) რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების შესახებ სპეციალური მმართველის რეგისტრაციის ნაწილში.

რამდენადაც, წარმოდგენილი სასამართლოს განჩინებით გაუქმდა სარჩელის უზრუნევლყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ განჩინება, რომლის საფუძველზეც შეჩერებული იყო შპს ,,კავკასუს ონლაინის“ (ს/ნ 211380833) რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება სპეციალური მმართველის რეგისტრაციის ნაწილში, აღარ არსებობს აღნიშნული რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების საფუძველი და უნდა მოხდეს შპს კავკასუს ონლაინის სპეციალური მმართველის, მარიამ სულაბერიძის უფლებამოსილების აღდგენის რეგისტრაცია,”- ნათვამია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეცმმართველი 2020 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დანიშნა, რაც კომპანიამ რამდენიმე საჯარიმო სანქციისა და მიუხედავად, არ შეასრულა მარეგულირებლის გადაწყვეტილება - პირველად მდგომარეობაში დაებრუნებინა კომპანიის გახსვისებული წილები.

“კავკასუს ონლაინის” მშობელ კომპანიასა და აზერბაიჯანულ ჰოლდინგ “ნექსოლს” შორის წილების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. ნექსოლის თანახმად, ხელშეკრულების მოცულობა $61 მილიონ დოლარს შეადგენა და მის ფარგლებში ნექსოლი “კავკასუს ონლაინის” ჯერ 49%-იან, შემდგომ კი 51%-იან წილს იღებდა.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებდნენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვს.

2019 წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის სამჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. ბოლო სხდომაზე კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

სანამ კომპანია სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამეტმა დაამტკიცა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ეს კანონი პრობლემურად მიაჩნია ვენეციის კომისიას, რომელმაც 2021 წლის 20 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით საქართველოს ამ ახალ კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა “ნექსოლმა” როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ასევე ქართულ სასამართლოშიც გაასაჩივრა.