მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე კიდევ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

632b08af05b97
ინგა მურუსიძე
21.09.22 16:48
1343
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო, - განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა.

სამართალდამცველებმა ი.ბ. 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ: 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, საქმეში მსჯავრდებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ ნიკოს საქმით პირადად დაინტერესდეს.