მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ "რუსთავი 2"-ის უძრავი ქონება დააყადაღა – ადვოკატი

60a379d82e431
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.21 12:43
1106
სასამართლომ "რუსთავი 2"-ის უძრავი ქონება დააყადაღა - ამის შესახებ ინფორმაციას საადვოკატო ბიურო - "კოჟორიძე და იურისტები" ავრცელებს. იურიდიული ფირმა ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრეების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის უფლებებს იცავს, რომლებიც დავობენ, რომ მათ ტელეკომპანიის წილები უკანონოდ დაათმობინეს და სასამართლოში საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვენ. 

"კოჟორიძე და იურისტები საადვოკატო მომსახურებას უწევს რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, დ.დვალსა და ჯ.აქიმიძეს. სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით.

გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს,"- ნათქვამია საადვოკატო ბიუროს განცხადებაში. 

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის შედეგად სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილი 2019 წლის ოქტომბერში დააყადაღა. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეად "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა. ხალვაში ტელეკომპანიის 60%-იან წილს პირდაპირ, 40%-იან წილს კი შპს "პანორამას" მეშვეობით ფლობს. 

2021 წლის მარტში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და “პრაიმ-ტაიმმა” ერთობლივი ჰოლდინგის დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება. ბიზნესრეესტრის თანახმად, მხარეებმა სააქციო საზოგადოება "მედია ჰოლდინგი" შექმნეს, რომელმაც კომუნიკაციების კომისიისგან ქვეყანაში ციფრული სახით საერთო და სპეციალიზურებული ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო. "რუსთავი 2" ამჟამად სწორედ "მედია ჰოლდინგის" ავტორიზაციით მაუწყებლობს. 

კომუნიკაციების კომისიის იურიდიული რეესტრის თანახმად, სს “მედია ჰოლდინგის” 90%-იან წილს - “პრაიმ-ტაიმი”, 10%-იან წილს კი “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” ფლობს.