მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ფრენების განახლებას შევძლებთ - MyWay Airlines

61b85dce3f5f1
მარიამ ვარადაშვილი
14.12.21 13:05
562
ავიაკომპანია MyWay Airlines-ის ინფორმაციით, სასამართლომ მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება შეაჩერა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ავიაკომპანია MyWay Airlines-ის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების მოქმედების შეჩერება, დაკმაყოფილდა.

კომპანიის განცხადებითვე, ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით, ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა”, - აცხადებენ კომპანიაში.

ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გასულ კვირას, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან მეორე დღესვე, 9 დეკემბერს შეიტანა.

კომპანიაში კვლავ აცხადებენ, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წილთა გადანაწილების თანაფარდობა MyWay Airlines-ის ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის, რომელზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.