მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასამართლოში გნახავთ“- რა შინაარსის წერილი მისწერა მთავრობამ "ანაკლიის კონსორციუმს"?

5f22b941187bd
ელენე გოგბერაშვილი, შოთა ტყეშელაშვილი
30.07.20 16:28
2002
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა, საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ორი სარჩელით კონსორციუმი და ინვესტორი პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ. ამ მოთხოვნის ოდენობა კი 1 მლრდ დოლარს სცდება და შედგება კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგისგან.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, მთავრობამ უბიძგა კონსორციუმს დაიწყოს საარბიტრაჟო დავა. ჯონასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როგორც პატრიოტული ჟესტი, კონსორციუმმა შეაჩერა სარჩელების შეტანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეეშალა მთავრობისთვის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. ჯონასი აღნიშნავს იმასაც, რომ შესაბამის წერილზე, რომელიც მათ მთავრობას გაუგზავნეს, სრულიად მოულოდნელი, აგრესიული პასუხი დაუბრუნდათ.

BM.GE-ს კითხვაზე, რა შინაარსის იყო წერილი და რა მისწერა მთავრობამ კონსორციუმს, ჯონასი განმარტავს: „სასამართლოში გნახავთ“ პირდაპირ ასე არ ეწერა, თუმცა მათი მოწერილი ფაქტობრივად ამას ნიშნავდა.

„კორესპონდენციის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც არსებობს კონფიდენციალურობის შეთანხმება, რომლითაც ამ საკითხზე საუბარი შეზღუდული გვაქვს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ შორის იყო მრავალი წერილი მას შემდეგ, რაც მე გასული წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს შემოვუერთდი და ამ მხრივ საფოსტო სერვისიც საკმაოდ დატვირთული იყო. ამასთანავე ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეხვედრები არასდროს არ იყო დამაკმაყოფილებელი შედეგის მომტანი. მეტიც, ზოგიერთი მათგანი უკიდურესად არადამაკმაყოფილებელი იყო.

გვქონდა ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ მიერ მოწვეული ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიც ესწრებოდა. ამ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ძალიან უხეშად იქცეოდა. რაც შეეხება წერილზე გაცემულ პასუხს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ის საკმაოდ მოულოდნელი იყო. ჩვენ სამინისტროს წერილობით განვუცხადეთ, რომ პანდემიის პიკურ პერიოდში თავს შევიკავებდით არბიტრაჟისთვის მიმართვაზე. მათი პასუხი კი აგრესიული იყო. აღნიშნავდნენ, რომ სალაპარაკო აღარაფერი აღარაა, რადგან შეთანხმება უკვე მოშლილი იყო. „სასამართლოში გნახავთ“ პირდაპირ არ ეწერა ამ წერილში, თუმცა ფაქტობრივად ის ამას ნიშნავდა“-განმარტავს ჯონასი.