მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშემოსავლო გადასახადი მოეხსნას კომპანიებს, რომლებიც უკრაინელებს დაასაქმებენ - ჭყონიას ინიციატივა

626a8fb4e65a1
თელარა გელანტია
28.04.22 17:30
2859
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია გამოდის ინიციატივით, რომ კომპანიები, რომლებიც ომის გამო საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს დაასაქმებენ, საშემოსავლო გადასახადისგან დროებით გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ ივა ჭყონიამ დღეს, უკრაინელების დასაქმების მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც „საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის დასაქმების შესაძლებლობებებზე“ იმსჯელეს.

„ვფიქრობ, საკმაოდ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გამოიჩენს ინიციატივას და იმ კომპანიებს, რომლებიც უკრაინელებს დაასაქმებენ საქართველოში, მისცემს საშუალებას, რომ უკრაინელ თანამშრომლებს სრულად ჩაურიცხონ ხელფასი ანუ საშემოსავლო გადასახადი (20%) მათთვის მოხსნილი იქნება. ეს ერთი მხრივ, კომპანიებსაც წაახალისებს და მეორე მხრივ, უკრაინელი დევნილები სრულად მიიღებენ ანაზღაურებას“, - ამბობს ივა ჭყონია, რომლის ინფორმაციითაც, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა ბიზნესასოციაცია ამ თემაზე მოამზადებს ერთობლივ წერილს, რომლითაც შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ.

რაც შეეხება იმას, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრ კომპანიებს რამდენად შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში შემოსული უკრაინელების დასაქმება, ივა ჭყონიას თქმით, "სადისტრიბუციო კომპანიებში მუშახელზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“.

„ძალიან რთულია რიცხვის დასახელება, რამდენი ადამიანის დასაქმებას შეძლებენ ჩვენი წევრი კომპანიები, მაგრამ მოთხოვნა მაღალია; შეგვიძლია დავასაქმოთ ისეთ მიმართულებებზე, სადაც ენობრივი ბარიერი დამაბრკოლებელი არ იქნება, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციას აქვს გადამზადების კურსები, მართალია, მხოლოდ ქართულ ენაზე, მაგრამ უკრაინელების მხრიდან სურვილი თუ იქნება, შეგვიძლია ინგლისურ ენაზეც გადავამზადოთ“, - თქვა ივა ჭყონიამ.

IDFI-ს ინფორმაციით, მარტში 17,000-მდე უკრაინელი შემოვიდა საქართველოში და მათგან 8500-ზე მეტი დარჩა.