მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებში დარჩება - კაკაურიძე

6346c1bf1ef0e
BM.GE
12.10.22 19:35
755
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2023 წელს მთავრობა პარლამენტს პროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებში მიიმართება.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი პროცენტი წავა თვითმმართველობების ბიუჯეტებში, თუმცა არსებული მდგომარეობით საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება.

საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 20%-ს შეადგენს და მას ყველა დასაქმებული იხდის. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამიზნე მაჩვენებლად განიხილება, რომ თვითმმართველობებმა მშპ-ის შვიდი პროცენტული პუნქტის ოდენობის თანხა საკუთარი შემოსავლების წყაროებით მიიღონ, თუმცა მისი თქმით დამოუკიდებელი შემოსავლების გაჩენასთან ერთად, საჭიროა თვითმმართველობების ფუნქციებიც უფრო მკაფიო გახდეს და მათი ვალდებულებები განისაზღვროს.

“ჩვენ მომდევნო წელს აქტიურად დავიწყებთ მუშაობას საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილის მუნიციპალიტეტებში მიმართვაზე, რაც საბოლოო ჯამში დღგ-სთან ერთად იქნება ის წყარო, რომელიც გაზრდის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლებს მშპ-ის 7%-მდე. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ არ მიყვა შესაბამისი ფუნქციები, 2 და 3 პროცენტს მშპ-ის რომ ვერ მოაკლებ და ვერ გადაიტან იქით, ესეც გასაგებია. ამიტომ ერთობლივად უნდა მოხდეს, როგორც ფუნქციის გადაცემა, ასევე ფისკალური დეცენტრალიზაცია და მე ვფიქრობ, რომ 2023 წელს ამ საკითხზე საჯარო დისკუსიები მოგვიწევს,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საშემოსავლო გადასახადი დღგ-სთან ერთად ბიუჯეტის შემოსავლის უმთავრესი წყაროა. 2023 წელს მთავრობა 5.1 მილიარდი ლარის საშემოსავლო გადასახადის აკრეფას გეგმავს.

მთლიანობაში, 2023 წელს ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა ასე ნაწილდება:

• საშემოსავლო გადასახადი - 5.1 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 807 მლნ;
• მოგების გადასახადი - 1.94 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 325 მლნ;
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 6,42 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 1 მილიარდი;
• აქციზი - 2.1 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 210 მლნ.