25.სექტემბერი .2022 19:40

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს, უნდა მოვითმინოთ - მერი საცობებზე

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს, უნდა მოვითმინოთ - მერი საცობებზე
views 3575
უკან

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისში, ე.წ. საცობებთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს. ის დღეს მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის მიმდებარედ, თავის მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად დაათვალიერა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე.

კახა კალაძის თქმით, დისკომფორტი, რომელიც დიდი გამზირების რეაბილიტაციის შედეგად მოქალაქეებს ექმნებათ, „უნდა მოვითმინოთ, რადგან მომავლის საქმე კეთდება“.

მერი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებს ესმოდეთ, როგორი საქმე კეთდება, როგორც ფილარმონიასთან, ისე ქეთევან წამებულის გამზირზე.

„ახლა ვიმყოფები ფილარმონიასთან, სადაც მოედანზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია. ეს სამუშაოები თავისი მასშტაბით უმნიშვნელოვანესია. არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რომ გამზირების რეაბილიტაცია იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება და ეტაპობრივად მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას. მე მესმის, რომ ამას აქვს გარკვეული დისკომფორტი აქ მცხოვრებლებისთვის, ქვეითად მოსიარულეებისთვის და ეს სამუშაოები გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტს. პარალელურად, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. მინდა, ამ ქალაქში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა იცოდეს, რა სამუშაოებს აკეთებს მუნიციპალიტეტი და რა მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა მერმა და დეტალურად ახსნა, თუ რა კეთდება მიწისქვეშ: მილების შეცვლა, სადრენაჟო სისტემის გამართვა და ა.შ.

კახა კალაძის თქმითვე, დისკომფორტი არის და ეს მასაც ესმის. „უნდა ვიცოდეთ, რის გამო არის ეს დისკომფორტი; ხელოვნურად არ ვქმნით, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც კეთდება და ყველამ უნდა მოვითმინოთ, რადგან ეს სჭირდება ქალაქს, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს“, - თქვა თბილისის მერმა.

თავის მხრივ, კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ტერიტორია დიდი არ არის, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრია, მათ შორის სანიაღვრე სისტემების მიმართულებით.

ამასთან, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა თქვა, რომ სავარაუდოდ, 5 ოქტომბრიდან მელიქიშვილიდან კოსტავას მიმართულებით ორი ჩამსვლელი ზოლი იმოძრავებს.

თბილისის მერის თქმით კი, ესეც განტვირთავს მოძრაობას. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით რაც გვაქვს პრობლემა გადაადგილებასთან დაკავშირებით, საცობების თვალსაზრისით, გარკვეული შვება იქნება, თუმცა სანამ სამუშაოები არ დასრულდება საბოლოოდ, ამ რთულ ვითარებაში მოგვიწევს დროებით ცხოვრება. სხვანაირად შეუძლებელია. მელიქიშვილზე და ფილარმონიის მიმდებარედ სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება“, - აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმითვე, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოები წინ მიდის.

„ყველა ვხედავთ, თუ რა მასშტაბებზეა საუბარი, რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. არავის არასდროს ამ ტიპის სამუშაოები არ ჩაუტარებია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. იცით, რამხელა პრობლემაა, როცა მილები ზიანდება, წყალი წყდება, ეს გამოწვეეულია იმით, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, დედაქალაქში გვაქვს პრობლემა და როცა კონკრეტული ქუჩების რეაბლიტაცია მიმდინარეობს, გვინდა, ყველაფერი მოწესრიგდეს, განახლდეს. გვაქვს დისკომფორტი, მაგრამ მერწმუნეთ, როცა სამუშაოები დასრულდება, ყველა იამაყებთ განხორციელებული პროექტით. სამუშაოებს გავაგრძელებთ, რადგან ქალაქს განვითარება და მოწესრიგება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა