მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „ადმირალი“: ასეთი დატვირთვით მხოლოდ არსებობა შეგვიძლია

5eec63e038586
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.20 11:12
1758
ბათუმში მდებარე სასტუმრო „ადმირალი“, რომელიც დამსვენებლისთვის 15 ივნისს ამოქმედდა, დღეისთვის 29%-იანი დატვირთვით მუშაობს.

როგორც BM.GE-ის სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ალექსანდრე ქიქავამ განუცხადა, ძირითადად დამსვენებლები თბილისიდან არიან. „ადმირალის“ ხელმძღვანელი სასტუმროში განთავსების ღირებულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შემცირებულმა მოთხოვნამ იძლებული გახადა ფასები დაეკორექტირებინათ.

„ამ დროისთვის 29%-იანი დატვირთვა გვაქვს. 41 ოთახიდან დაკავებული გვაქვს 14 ოთახი, თუმცა ეს დატვირთვა თვის ბოლოსთვის მატულობს. ძირითადად დამსვენებლები ამ პერიოდში თბილისიდან გვყავს, აქედან 20% არიან ჩვენი კორპორატიული კლიენტები, რომლებიც მივლინებით ჩამოდიან. 

წინა წელთან შედარებით წელს განთავსების ღირებულება 60%-ით შევამცირეთ. მიზეზი ლოგიკურია: გასულ წელს აჭარას დაახლოებით, 2 მლნ-მდე ტურისტი სტუმრობდა, დღეს გვაქვს ბაზარი, რომელიც შედგება მაქსიმუმ 200 000 აქტიური მომხმარებლისგან. შესაბამისად, მოთხოვნამ იკლო და მოგვიწია ტარიფის დაწევაც. ოთახის საშუალო ღირებულება 87 ლარია. მინდა აღვნიშნო, რომ ივლისის დატვირთულობა დღეს არსებული ჯავშნებიდან გამომდინარე 17%-ია და საშუალო ფასი არის 157 ლარი, თუმცა ალბათ მოგვიწევს, რომ ამ ფასებსაც გადავხედოთ“, - განაცხადა ალექსანდრე ქიქავამ.

სასტუმროს გენერალური მენეჯერი ბათუმში არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ კონკურენციას აპარტამენტები უწევენ.

„აპარტამენტების მფლობელებს, როგოორც კერძო პირებს არ აქვთ ქონების გადასახადი, არც დასაქმებულები არ ჰყავთ და არც დღგ-ს არ იხდიან, შესაბამისად, ხარჯი ნაკლები აქვთ. ბევრი ტურისტი ირჩევს აპარტამენტს, იმიტომ რომ ჰგონია, ცალკე აპარტამენტის შესვლისას ნაკლებად შეხვდება სხვა პირებს და დაცულები იქნებიან ვირუსისგან, თუმცა სასტუმროები გადიან ძალიან დიდ შემოწმებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით საკარანტინე სივრცე, თავიდან ბოლომდე შეგვამოწმეს და არანაირი შეღავათი არ გვქონია, რაც ვფიქრობ, სამართლიანია. მე მიმაჩნია, რომ ამ დროისთვის სასტუმროები უფრო უსაფრთხოა“, - ამბობს „ადმირალის“ მენეჯერი.

BM.GE-ს კითხვაზე - შეძლებს თუ არა სასტუმრო გაზრდილი ხარჯისა და დაწეული ფასების პირობებში ოპერირების გაგრძელებას ალექსანდრე ქიქავას ასეთი პასუხი აქვს:  „ჩვენი გათვლებით, ასეთი დატვირთვით შეგვიძლია მხოლოდ ვიარსებოთ, კომერციულ მოგებაზე საუბარი ზედმეტია. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ზამთრის სეზონი. დარწმუნებული ვართ, ივლისი, აგვისტო, სექტემბრის ბოლომდე შევძლებთ თავის გატანას, თუმცა წინა წლებში ჩვენთან ოქტომბრიდან იწყებოდა ისრაელიდან, არაბეთის და გალფის ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოსვლა. ეს სეგმენტი საშემოდგომოდ თუ არ აღდგა, მაშინ იმის საკითხიც დადგება, რომ სეზონურ მუშაობაზე გადავიდეთ, მაშინ როდესაც მარტიდან ოქტომბრამდე ვიყავით ხოლმე მოგებაზე, რაც გვაძლევდა საშუალებას, რომ ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი - "მკვდარი" ოთხი თვე საოპეარციო მინუსში გვემუშავა და სტაფი შეგვენახა, თუმცა არსებულ ვითარებაში ზამთრის სეზონს ვერ გადავიტანთ“.
 
სასტუმრო „ადმირალის“ გენერალური მენეჯერის თქმით, დღეს სასტუმროში 27 ადამიანია დასაქმებული, მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 55-ს შეადგენდა.