მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანის" დილემა: რა უნდა შეიცვალოს ფუნდამენტურად?

5e1397d442b3a
ელენე კვანჭილაშვილი
07.01.20 11:00
6629
SPA-ში ჭერიდან წვეთ-წვეთად ჩამოსული წყალი; საუზმეზე იოგურტით ჩანაცვლებული წითელი თევზი; მაგიდებზე ალაგ-ალაგ დაკემსილი თეთრი სუფრა, რომელიც ცუდად მოჭრილი ზეწრის ნაჭერს უფრო ჰგავს; მიმღებთან გამქრალი ცოცხალი ხილით სავსე ცივი წყლის ჩაიდანი -- ჰგავს ეს ყველაფერი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურების კლასს? სამწუხაროდ - არა.

არადა, მომსახურების ერთი წესია (თუ არ არის, უნდა იყოს) - ყოფილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები არ არსებობენ. once five stars, five stars for life - რით არის ცუდი სლოგანი?

რაც ბორჯომი-ლიკანში გუშინ მოხდა სინამდვილეში სულ არ არის სახუმარო თემა. მოულოდნელად მთელი პერსონალი გაიფიცა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩამოსული უცხოელი სტუმრები სულ მცირე 2 საათი იდგნენ ცარიელ მიმღებთან და პასუხად მხოლოდ იმას იღებდნენ, რომ უნდა დაიცადონ.

რატომ?

იმიტომ რომ, სასტუმროს მენეჯერმა სიტუაცია კრიზისამდე მიიყვანა და სამუშაო საათებში მოუწია პერსონალთან საქმის გარჩევა -- პერსონალთან, რომლის დიდი ნაწილი ამბობდა, რომ მენეჯერი ცოცხლად პირველად ნახა.

რას ჩივიან ეს ადამიანები?

გრძელ და მძიმე შრომას. დიახ, ზუსტად იმას, კერძო სექტორის დასარეგულირებლად ყველას - სახელმწიფოს, პროფკავშირებს, პარლამენტის მემარცხენე ფლანგს და რა ვიცი, კიდევ ვის - არა, ვრცელი და ევროპული სტანდარტის იარლიყს ამოფარებული დიადი იდეები რომ აწუხებს.

არადა, იცით დღეს ვინ ფლობს ბორჯომი-ლიკანს?

საპარტნიორო ფონდი - მმართველი ბორდით, რომელიც ხელისუფლების პრაქტიკულად ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლებს მოიცავს.

რა აკლია დღეს ბორჯომი-ლიკანს?

მარტივად - ბიზნეს-ხედვა. ბიზნეს mind-set-ის მენეჯერი არასდროს დაზოგავდა თანამშრომლების შემცირების, ჯაკუზიში წყლის გაცივების და საუზმის ასორტიმენტის გაღარიბების ხარჯზე. მათთვის, ვინც დიდი ხანია ამ სასტუმროს სტაბილურად სტუმრობს, ეს ყველაფერი ძალიან თვალშიმოსახვედრია.

და მართლა -- არც გაიაფებულა დიდად; ფასი ისევ მაღალი სეგმენტის შესაბამისია.

ამ ყველაფრიდან დასკვნა: ბორჯომი-ლიკანი ის უნდა გახდეს, რაც არის -- ბიზნესი. წაგებაზე გასული საპარტნიორო ფონდი, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემური აქტივი აქვს, ამას, როგორც გამოჩნდა, ვერც დღეს ახერხებს და ვერც მომავალში შეძლებს, თუ მენეჯერში არ გაუმართლა და იქაც ბევრი თავსატეხი ექნება.

არადა, სულ არ მინდა, ბორჯომი-ლიკანი იყოს მაინცდამაინც ის სასტუმრო, რომელზეც ვიტყვით: 'ერთ დროს ხუთვარსკვლავიანად ითვლებოდა'.

ჰოდა, იქნებ სანამ ჯერ კიდევ ხუთვარსკვლავიანია ვიპოვოთ სწორი ინვესტორი?