მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „ესკიზი“: „ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე შემოდგომა-ზამთარში დიდი მოლოდინი არ გვაქვს“

5f4d20d47392d
ვიქტორია მღებრიშვილი
31.08.20 23:00
3197
„ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე შემოდგომა-ზამთარში დიდი მოლოდინი არ გვაქვს“ - ამის შესახებ BM.GE-ის თელავში ახლად გახსნილი სასტუმრო Esquisse Boutique Hotel Telavi-ს მფლობელმა ლევან თორაძემ განუცხადა.

სასტუმრო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის თანადაფინანსებით 10 ივლისს ამოქმედდა და როგორც მისი მეპატრონე ლევან თორაძე ამბობს, სასტუმროს გახსნა ასეთ რთულ პერიოდში სახელმწიფო პროგრამის და საბანკო ვალდებულებების გამო გადაწყდა.

„სიტუაციიდან გამომდინარე, სასტუმრო დატვირთულია მხოლოდ ქართველი მომხმარებლებით, რაც ამ სეზონზე არ შეადგენს მაღალ პროცენტს. შემოდგომასა და ზამთარში დიდი მოლოდინი არ გვაქვს ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ლევან თორაძემ.

სასტუმრო Esquisse Boutique Hotel Telavi სატესტო რეჟიმში ამოქმედდა და დღეისთვის 73 ადამიანს ასაქმებს. 57-ნომრიანი მაღალ და საშუალო სეგმენტზე გათვლილ სასტუმროში ნომრის ღირებულება ოთახების კატეგორიების მიხედვით 250-დან 450 ლარამდეა.

დიზაინ-კონცეპტუალურ სასტუმროში განთავსებულია ორი რესტორანი გამორჩეული სერვისით და კერძებით; სასტუმროს გარე სივრცეები მოიცავს ღია აუზს, სცენას, მარანს, ადგილებს ღონისძიებებისთვის და მრავალი აქტივობისთვის. სასტუმროში 120-150 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზია. ლევან თორაძის თქმით, სამომავლოდ სასტუმროში სპა და ფიტნეს ცენტრის გახსნა იგეგმება.