მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "კალასი" კორონავირუსის გამო ჯავშნებს აღარ იღებს, თანამშრომლების ნაწილი კი, შვებულებაში გაუშვა

5e68f96ade4da
დავით ჯალაღონია
11.03.20 19:45
1551
თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე 42-ნომრიანი სასტუმროს "კალასის" დირექტორმა ლიანა შონიამ, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების, ასევე ჯავშნების გაუქმების გამო, რეორგანიზაცია განახორციელა და სასტუმროს თანამშრომლების ნაწილი დროებით, შვებულებაში გაუშვა.

"რამ გამოიწვია ეს რეორგანიზაცია? - მარტსა და აპრილში 55%-60%-იანი დატვირთვა უნდა მქონოდა სასტუმროში, რაც ჯავშნების მასიური მოხსნის შემდეგ, 2%-მდე ჩამოვიდა. ამან გამოიწვია ეს რეორგანიზაცია. ჩვენ ყოველთვიური გადასახადების (საბიუჯეტო, კომუნალური, სახელფასო ფონდი) გარდა, სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯიც გვაქვს.

გარდა ამისა, მეორე საკითხია ის, რომ მოვახდინეთ პრევენცია ჩემი თანამშრომლების მიმართ, რადგან არცერთი სასტუმრო არ არის დაზღვეული იმისგან, რომ შემოსული სტუმარი კორონავირუსით დაავადებული არ იყოს. ამ ყველაფერმა ჩვენ კრიზისულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

ამასთან ერთად, წინ კიდევ გველის ქონების გადასახადი. ფაქტობრივად, მარტი და აპრილი იმისთვის ვმუშაობდით, რომ ქონების გადასახადის დასაფარად თანხა შეგვეგროვებინა. ეს გლობალური პრობლემაა. რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროსთან, შევედით თხოვნით, რომ გადასახადის გადახდის თარიღი გადაეწიათ. ჯერჯერობით, პასუხს ველოდებით. ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება ალბათ იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა BM.GE-ისთან საუბრისას ლიანა შონიამ.

დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასტუმრო "კალასი" დროებით არც ახალ ჯავშნებს მიიღებს.

"ჯავშნებს 25 მარტამდე არ ვიღებთ, გავაუქმეთ Booking.com-ზე, ტურისტულებმაც გააუქმეს, რადგან ძირითადი ჯავშნები იყო ირანიდან. დიდი იმედი გვაქვს, ზაფხულის სეზონი ძალიან კარგი იქნება, კრიზისს გადავლახავთ და მუშაობას გავაგრძელებთ", - აღნიშნა მან.