მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროები „გოდერძი სქი რეზორტი“ და „მეტეორა“ არ გაიხსნება - კომპანია მიზეზებს განმარტავს

603772f20e26c
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.21 23:00
2207
მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან, საქართველოს 4 მთის კურორტზე სასტუმროებს ოპერირების უფლება მიეცათ, თუმცა მათი უმეტესობა იმის გამო, რომ მოსამზადებელი პერიოდი არ ჰქონიათ, არ გახსნილა. ამასთან დაკავშირებით დღეს ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა სასტუმროებმა მომზადება და ამოქმედება დღეიდან ვერ შეძლეს, მათ უფლება აქვთ როცა სურთ. მაშინ გაიხსნან.

BM.GE-მ გადაწყვიტა მთიან აჭარაში - კურორტ გოდერძიზე მოქმედი სასტუმროების მდგომარეობა და გეგმები მოეკითხა.

„კომპანია „ხიდი 2006“-ის საკუთრებაში მყოფი ორი სასტუმრო კურორტ გოდერძიზე არ გაიხსნება“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა ჯუმბერ ჭყონიამ და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კომპანია სასტუმრო „მეტეორასა“ და „გოდერძი სქი რეზორტის“ ამოქმედებას ვერ შეძლებს.

„ისეთ ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული სასტუმროს გახსნას, რომ აზრი აქვს მათ ამოქმედებას. მთის კურორტზე გათბობის სისტემა ახლა აბსოლუტურად გათიშული გვაქვს და ამის მოწესრიგებას დიდი დროს სჭირდება; კომპანია ისეთ ხარჯზე გავა, რომ ამდენი ზარალის შემდეგ, რაც სეზონის ჩავარდნით გვქონდა, სასტუმროების გახსნა არ გვიღირს. გოდერძი დამწყები სამთო კურორტია, კურორტზე თოვლის საფარიც საკმარისი არ არის, შესაბამისად ვფიქრობთ, მოთხოვნა ამ მიმართულებით ახლა არ იქნება“, - განმარტა ჯუმბერ ჭყონიამ.

მისი თქმით, პანდემიამდე „მეტეორას“ შემთხვევაში მოთხოვნა უფრო უცხოელი ტურისტებიდან იყო, ხოლო „გოდერძი სქი რეზორტზე“ ადგილობრივების მხრიდან. 14 და 56-ნომრიანი სასტუმროები კი სეზონზე 50-60 ადამიანს ასაქმებდა.

კომპანიის დირექტორი იმედს იტოვებს, რომ სასტუმროების გახსნას ზაფხულისთვის შეძლებენ.

„სასტუმროები შესაძლოა ზაფხულის სეზონისთვის გავხსნათ. ამ პერიოდში სასტუმროების დატვირთვა 40%-ს შეადგენს, თუმცა თუ მოთხოვნა იქნება, გავიხსნებით, თუ არადა მაშინ სასტუმროებს მომავალი ზამთრის სეზონისთვის გავხსნით“, - აღნიშნა მან.