მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროები, მაღალი კლასის კოტეჯები - ინვესტორი შოვის ფიზიკური განვითარების დაწყებას 2024 წლიდან გეგმავს

6453da6d74b3e
თათია ჩაფიჩაძე
05.05.23 10:15
1934

კურორტ შოვის განვითარების ფიზიკური სამუშაოების დაწყების თარიღად 2024 წელი სახელდება. პროექტის მენეჯმენტს ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ უზრუნველყოფს. პროექტი ყაზახური ბიზნეს ჯგუფ „ევრაზია ინვესტმენტისა“ და ქართველი ინვესტორების მონაწილეობით ხორციელდება. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანია “სიმეტრიას” საინვესტიციო პროექტების დირექტორმა ირაკლი ბერეკაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მესაკუთრეები მუშაობენ იმაზე, რომ შოვის განაშენიანება ერთი გეგმის მიხედვით მოხდეს.

ბერეკაშვილის თქმით, ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საშუალოდ 8-წლიანი პერიოდი დასჭირდება, ჯამური ინვესტიცია კი მხოლოდ მათი მხრიდან 140$ მლნ იქნება.

„გენგეგმის დამტკიცების შემდეგ პროექტზე მუშაობა სრული სვლით დაიწყო იმისთვის, რომ დროულად გადავიდეთ ფიზიკური სამუშაოების დაწყების ეტაპზე. გამოვაცხადეთ ინტერესი საერთაშორისო არქიტექტორული კომპანიების, რომელთან ერთადაც განახლდება გენგეგმა, ამაში ჩართული იქნებიან საერთაშორისო არქიტექტურული და ტურიზმის კონსულტანტები იმისთვის, რომ თანამედროვედ დავინახოთ ის შესაძლებლობები, რომელიც შოვის კურორტს აქვს. გვინდა, მაქსიმალური ამოვიღოთ შედეგი, რადგან კურორტს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

ჩამოყალიბდება იმ ეტაპობრივი განვითარების სქემა, რომლის მიხედვითაც, მთავარი მიზიდულობის წერტილები უნდა განვითარდეს შოვში. პირველი პროექტები რომელიც დაიგეგმება, იქნება მყარი საფუძველი ყველა შემდგომი განვითარებისა", - განაცხადა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, სამი ძირითად მესაკუთრეს აქვს ტერიტორიის 45%, დანარჩენი 55% კი ნაწილდება რამდენიმე ათეულ მესაკუთრეს შორის. ბერეკაშვილის თქმით, ამის მიღმა სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ეტაპი მიმდინარებს, რომ განვითარდეს ზოგადი ინფრასტრუქტურა, რადგან ცალკე აღებულ ინვესტორს ან ინვესტორთა ჯგუფს ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურის შექმნა არ შეუძლია.

"ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ 2024 წლისთვის ყველა პროექტირების სამუშაო დასრულებული იყოს და ფიზიკური სამუშაოები დავიწყოთ. ძირითადად ეს იქნება სასტუმრო ინფრასტრუქტურა, მაღალი კლასის კოტეჯური განვითარება, სასტუმრო ტიპის აპარტამენტები, რომელთა მართვა მოხდება ცენტრალიზებულად. აუცილებლად იქნება წარმოდგენილი რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი, თუმცა ზუსტად მათი დასახელება პროექტირების შემდეგ, რამდენიმე თვეში შეგვეძლება.

კურორტის ეტაპობრივი განვითარება დაიწყება 2024 წლიდან და ჩვენ გონივრულ ვადად მიგვაჩია 8-9 წლიანი პერიოდი, ხოლო რაც შეეხება მთლიანად კურორტს, ანუ დანარჩენ 55%-ის განვითარებასაც, მას შემდეგ, რაც პირველ ბიძგს მივცემთ სხვებს, ვფიქრობთ, რომ 10-12-წლიან პერიოდში მისი 90%-ზე მეტი იქნება განაშენიანებული და ჯამური ინვესტიციის მოცულობა, რომელსაც კურორტი მიიღებს, იქნება 250$ მილიონი.

კურორტის პოტენციალი იძლევა საშუალებას, რომ ეს იყოს საშუალოზე მაღალი და პრემიალური სეგმენტის ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მხარჯველ უნარიანი ვიზიტორების მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.