მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროები სამთავრობო პროგრამაზე - "ეს პიარი უფრო იყო, ვიდრე - სახელმწიფოს დამხმარება"

5dd7d6363cabc
ანუკა ჯოხაძე
22.11.19 17:50
1629
საქართველოს მთავრობამ ე.წ. პუტინის ავიასანქციების შემდეგ, ტურიზმის სექტორის დასახმარებლად, მცირე სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსების შესახებ ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მაშინ აცხადებდა, რომ რუსეთის მიერ ამოქმედებული სანქციების შედეგად ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა და სპეციალური პროგრამა - „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა სექტემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.

Bm.ge დაინტერესდა, რამდენი განაცხადი შევიდა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც პროგრამას ახორციელებდა და მათგან რამდენის თანადაფინანსება მოხდა. შესაბამის პასუხებს ჩვენ სააგენტოსგან ველოდებით.

ვიდრე ზუსტ სტატისტიკას მივიღებთ, სასტუმრო Ornament Boutique Hotel-ის გენერალური მენეჯერი ქეთევან წერეთელი გვიყვება, რომ ის ერთ-ერთია, ვისაც ე.წ. რუსეთის ავიასანქციების შემდეგ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი პროგრამით („თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“) სარგებლობა სურდა, მაგრამ - უშედეგოდ.

როგორც ქეთევან წერეთელი bm.ge-ისთან ამბობს, პრობლემები დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ჰქონდა, სადაც დანიშნულებაში სიტყვა „სასტუმრო“ არ იყო მითითებული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო Ornament Boutique Hotel-ის გენერალურ მენეჯერს ყველანაირი დოკუმენტი ჰქონდა იმისა, თუ რა მიზნობრიობით დახარჯა აღებული სესხი, პროგრამაში ჩართვაზე ბანკისგან მაინც უარი მიიღო.

“დავიწყეთ ყველა იმ დოკუმენტაციის მოგროვება, რაც მოგვთხოვეს; ბევრს არაფერს ითხოვდნენ - უბრალოდ, სჭირდებოდათ იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ სესხი ნამდვილად სასტუმრო ბიზნესისისთვის გვქონდა აღებული. ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი; მეგონა, რომ უპრობლემოდ მოხდებოდა თანადაფინანსება. კონსულტაცია გავიარე იურისტთანაც. ბანკში საჭირო საბუთები წარვადგინეთ, თუმცა ბანკის მხრიდან წავაწყდით წინააღმდეგობას - მითხრეს, რომ დოკუმენტაციაში სესხის მიზნობრიობად მითითებული იყო ბიზნესი და არა - სასტუმრო ბიზნესი; მე ვუთხარი, რომ როდესაც ჩვენ საუბარი გვქონდა იმ ადამიანთან, ვინც უშუალოდ ბიზნეს სესხებს გასცემს, ვესაუბრეთ რისთვისაც გვინდოდა, აბსოლუტურად ყველა დამადასტურებელი საბუთიც მაქვს იმის, რომ ეს სესხი მიზანმიმართულად დაიხარჯა სასტუმროზე. ესეც შემიძლია მოგიტანოთ და გაჩვენოთ-მეთქი, მაგრამ მითხრეს, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქ უნდა ეწეროს „სასტუმროო“, - ამბობს ქეთევან წერეთელი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც მეწარმეს ხელი შეუშალა პროგრამით სარგებლობაში, მისივე თქმით, ისაა, რომ სესხი, როგორც ფიზიკურ პირს ისე ჰქონდა აღებული, თუმცა წერეთელი განმარტავს, რომ ამის შესახებ სასტუმროების მფლობელებმა არ იცოდნენ.

ის ამბობს, რომ პროგრამაში ისეთი მეწარმეებიც უნდა ჩართულიყვნენ, რომლებსაც სასტუმროები საკუთარ სახლებში აქვთ გახსნილი და რომლებმაც სესხი სწორედ ამის გამო აიღეს.

“სხვა პრობლემაც იყო; გვითხრეს, რომ პიროვნებაზე არ უნდა იყოს გაცემული სესხიო, ის გაცემული უნდა იყოს აუცილებლად კომპანიაზეო, რომ მოხდეს ამის თანადაფინანსებაო... თავდაპირველად ეს არსად იყო მინიშნებული, როცა ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს პრობლემა შეგვექმნა. მე ახლობლები მყავს ასევე ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისშიც, რომლებმაც ეს სესხები აიღეს და გაანახლეს თავისი სახლები; მათ არც შპს აქვთ, არც ინდმეწარმეები არიან და ასე ახორციელებენ ამ საქმიანობას. თავიდან ყველა დააიმედეს, რომ ვინც ამ სანქციების შედეგად დაზარალდა, ყველას დაეხმარებოდნენ, მაგრამ მე ვერ მივიღე ვერანაირი დახმარება სახელმწიფოსგან; იყო ყველანაირად მიზეზის ძიება, რის გამო შეიძლება არ მიეცეს ამ ადამიანს სესხი. მე პირადად ერთ ადამიანს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩემს გარშემო ვინც არიან სასტუმროები, ყველა სხვადასხვა მიზეზებს მეუბნება, რის გამოც მოხდა მათი დაწუნებაც. მე პირადად, ეს პროგრამა პიარს უფრო მაგონებს, ვიდრე - დახმარებას“, - აცხადებს სასტუმრო Ornament Boutique Hotel-ის გენერალური მენეჯერი.