მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების მხრიდან ფინანსურ ზარალზე საუბარი გადაჭარბებულია – "სვანეთის" გაყიდვების მენეჯერი

5f3a528c5720e
ინგა მურუსიძე
18.08.20 09:00
1135
პანდემიის გამო ისედაც მეოთხედ ფასად ვმუშაობდით და სასტუმროების საკარანტინე პროგრამა მისაღები იყო, - ამის შესახებ bm.ge-ს სასტუმრო „სვანეთის“ გაყიდვების მენეჯერმა, ნინო ჯაფარიძემ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ მესტიაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო კარანტინია გამოცხადებული. სასტუმროების ნაწილი საკარანტინე სივრცედ გადაკეთდა, ნაწილი კი ან საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს ან უარს აცხადებს.

„როცა გამოცხადდა კარანტინი, დამიკავშირდნენ და მკითხეს, ვიყავი თუ არა თანახმა, რომ ჩავრთულიყავით ამ პროგრამაში, რაზეც თანხმობა განვუცხადე. რეგულაციები ყველაფერი დაცული გვაქვს და რეგისტრაცია რამდენიმე კვირით ადრე გვქონდა გავლილი, ამიტომ კარანტინში უპრობლემოდ ჩავერთე. სტუმრებს რაც შეეხება, 15 სტუმარი დარჩა ჩვენთან მანამდე მყოფი და ასევე დაგვიმატეს სხვა სასტუმროების დამსვენებლებიც. ამჟამად 44 სტუმარი გვყავს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გაყიდვების მენეჯერი მიიჩნევს, რომ სასტუმროების მხრიდან ფინანსურ ზარალზე საუბარი გადაჭარბებულია, ვინაიდან დამსვენებლები სვანეთში ნამდვილად იყვნენ, თუმცა სასტუმროების ღირებულება მკვეთრად იყო დაკლებული.

„წინა წლებში ჩვენ ბევრად ძვირად ვაფასებდით ჩვენს მომსახურებას, მაგრამ პანდემიის გამო, ისედაც შემცირებულია დამსვენებელი და ჩვენთვის მისაღები იყო ის პირობები, რაც შემოგვთავაზეს. 55 ლარია ოთახის ღირებულება და 25 ლარი ემატება ერთ პერსონაზე სამჯერად კვებაზე. წელს ფასები დაახლოებით ასეთი იყო ჩვენთანაც, რაც წინა წლებთან შედარებით თითქმის მეოთხედ ფასს შეადგენდა. სასტუმროების მხრიდან ფინანსურ ზარალზე საუბარი გადაჭარბებულია, რადგან წელს უცხოელი სტუმრები არ გვყავდა და ქართველები ბევრს არ იხდიან. ამ ხელისუფლების მეხოტბე არ ვარ, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მას იმედი აქვს, რომ სექტემბრიდან მუშაობა კვლავ დაიწყება თუნდაც იმ დონემდე, რაც კარანტინამდე იყო.