მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასტუმროების სუბსიდირება 1 მთავარი პირობით უნდა მომხდარიყო“ - შალვა ალავერდაშვილი

5fed9359aca19
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.21 14:45
1295
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ სასტუმრო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით 1 552 უნიკალურ ბენეფიციარზე 2 440 სესხი გასცა. ბიუჯეტიდან განკუთვნილი პროგრამისთვის 70 მლნ ლარიდან სესხების თანადაფინანსებამ 46.5 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმი იყო პირველი დარგი, რომელსაც მთავრობამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ პირველი მხარდაჭერა მარტში აღმოუჩინა და საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს სესხის პროცენტი დაუსუბსიდირა. ჯერ კიდევ ეპიდემიის გავრცელების პირველი ტალღის პერიოდში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ დახმარებას 18 000 მეტი ბიზნესსუბიექტი მიიღებდა და ბიუჯეტიდან მხარდაჭერისთვის, დაახლოებით, 3 მლნ ლარი გამოიყოფოდა, თუმცა მთავრობის წამომადგენლები მალევე მიხვდნენ, რომ სექტორს ამ დახმარებით ვერ გადაარჩენდნენ და პირველი "ლოქდაუნის" მოხსნის შემდეგ ტურიზმის სექტორთან კონსულტაციების შედეგად ტურიზმის მხარდაჭერის ანტიკრიზისული პაკეტი შეიმუშავეს, სადაც გაწერილი იყო, რომ სესხებს მთავრობა 3 000-მდე მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებსაც დაუსუბსიდირებდა. პროგრამის ბიუჯეტად კი 70 მლნ ლარი განისაზღვრა. 

სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე სასტუმრო სექტორისთვის ამოქმედებული და გაძლიერებული მხარდაჭერის საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ბევრისთვის კრიზისის პერიოდში, შემცირებული და განულებული შემოსვლების პირობებში მაშველი რგოლი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამამ იმუშავა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებში გარკვეული უკმაყოფილებები პროგრამის მიმართა მაინც იყო.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ საუბსიდირება ბევრად მასშტაბური შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე არის. BM.GE-ისთან საუბრისას ის იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც პროგრამამ უფრო მეტი სასტუმრო ვერ მოიცვა.

„მაგალისთვის, ჩემი ერთ-ერთი სასტუმრო იმის გამო ვერ გახდა სუბსიდირების ბენეფიციარი, რომ ერთ საკადასტრო კოდზე ჰქონდა დარეგისტრირებული სხვადასხვა შენობა, რაც სისულელედ მიმაჩნია. ამ პირობის გამო, ძალიან ბევრმა ვერ მიიღო დაფინანსება. მეორე საკითხია ის, რომ მაგალითად, ჩემს ერთ-ერთ სასტუმროში საკონფერენციო დარბაზების სივრცე გვქონდა ცალკე და ახლა მოგვივიდა შეტყობინება, რომ საკონფერენციო სივრცეები არ ყოფილა ტურიზმის ნაწილი და ვერ მივიღებთ შეღავათს ამის გამო. მაშინ ბიზნეს ტურიზმი რას ნიშნავს, თუ არა საკონფერენციო სივრცეებს“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ პროგრამა ერთი მთავარი პირობით უნდა ამოქმედებულიყო და მაშინ სასტუმროების მოცვა ბევრად მასშტაბური და ბევრად შედეგიანი იქნებოდა.

„სასტუმროების სესხების თანადაფინანსების პროგრამაში ისეთი პირობები იყო, რომ ძალიან ბევრმა სასტუმრომ სახელმწიფოს მხარდაჭერა მხოლოდ ამ პირობების გამო ვერ მიიღო. სუბსიდირების პროგრამა უნდა ამოქმედებულიყო ერთი უმთავრესი პირობით - უნდა აეღოთ სასტუმროების წინა წლის შედეგები - რა შემოსავლები ჰქონდა თითოეულ სასტუმროს და რა თანხა იყო შეტანილი ბიუჯეტში მის მიერ და თანადაფინანსება ამის მიხედვით გაცემულიყო და არა უაზრო საკითხების დაკმაყოფილებით“, - განმარტა სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა.