მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებს და რესტორნებს თანამშრომლების გატესტვა დაევალებათ - დეტალები ჯერ უცნობია

6036685fe051d
ინგა მურუსიძე
24.02.21 20:42
602
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები იხსნება, ხოლო რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

გარდა ამისა, ჯერ კიდევ გასულ კვირაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დააანონსა, რომ სასტუმროებისა და რესტორნების თანამშრომლების გატესტვა სავალდებულო იქნება. ვინ აანაზღაურებს ტესტირების ხარჯებს, როდიდან უნდა დაიწყოს თანამშრომლების ტესტირება და სხვა დეტალების გარკვევას bm.ge შეეცადა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ ტესტირება სავალდებულო იქნება, თუმცა მეტი დეტალი ამ ეტაპზე უცნობია და საკითხზე სფეროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი საქმის კურსში არიან.

„შეხვედრები მიმდინარეობს სხვა სექტორებთან და ჩამოყალიბდება საბოლოოდ. ზუსტად ვიცით, რომ ტესტირება იქნება სავალდებულო, მაგრამ როდიდან, ეგ დაზუსტდება. სფეროს წარმომადგენლებთან გვაქვს შეხვედრები და წინასწარ დრო ექნება ცხადია ყველას. იგივე პროცესი იქნება რაც მოლებზე და ბაზრებზე", - ამბობს ბექა ფერაძე და მეტ დეტალს არ ყვება, თუ რაზე მსჯელობენ.

რაც შეეხება რესტორატორების წარმომადგენლებს, რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ bm.ge-ს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ თუ შესაძლებლობა ექნება ბიზნესს, შესაბამის ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს. მისივე თქმით, სფეროში დასაქმებული 250 ათასი ადამიანის ტესტირების პროცესი, სახელმწიფოსთვის უფრო რთული იქნება, ვიდრე კერძო სექტორისთვის.

„რაც შეეხება პერსონალის ტესტირების საკითხს, ეს რესტორნებისთვის სავალდებულო საკითხი, ჯერჯერობით, არ არის. იმ ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, თუ რამდენი იქნება სავალდებულო ტესტირებისთვის შემდეგ უკვე გადაწყდება შეძლებს თუ არა სახელმწიფო ამ ხარჯის გაწევას და თუ ვერ შეძლებს, თანამშრომლების ტესტირება კერძო სტრუქტურის ვალდებულება იქნება“, - ამბობს ბურჯანაძე.