24.ივლისი .2020 15:00

სასტუმროებს დაწეული ფასების უკან დაბრუნება გაუჭირდებათ - „თიბისი კაპიტალი“

views 321
უკან

ვფიქრობთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა 2019 წლის დონეზე 2022 წლისთვის დაბრუნდება, თუმცა სასტუმროებს ფასების უკან დაბრუნება ვფიქრობთ, რომ საკმაოდ გაუჭირდებათ, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
 

„როდესაც ფასს ამცირებ, ამ ფასის უკან დაბრუნება სწრაფად არ ხდება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯამურ შემოსავალში 2022 წელს მაინც კლება იქნება. რაოდენობრივად დატვირთულობის კუთხით მოთხოვნა დაბრუნდება, მაგრამ ფასში დაახლოებით 5%-მდე შემცირება იქნება“, - აღნიშნა „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ეპიდემიამდე კომპანიის მიერ გაკეთებულ მიმოხილვებში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სასტუმროში განთავსების ღირებულება 2-3 წლის განმავლობაში დაიკლებდა, თუმცა ეპიდემიამ მდგომარეობა სრულიად შეცვალა.

„ჩვენ კოვიდამდე გაკეთებულ რეპორტებში აღნიშნული გვქონდა, რომ შემდგომი 2-3 წლის განმავლობაში ფასში შემცირება აუციელბლად მოხდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხდებოდა ერთიანად ბაზარზე საკმაოდ დიდი მოწოდება, რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროექტები წელს ან მომავალ წელს სრულდებოდა, შესაბამისად ამ მიწოდების ხარჯზე ფასი შემცირდებოდა.

კოვიდის გათვალისწინებით გეგმები ცოტა შეიცვალა, ერთი, რომ ახალი პროექტები შედარებით შეჩერებულია და მეორეს მხრივ არის სასტუმროები, რომლებიც ახლა არც გახსნილა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ამას შესაბამისი ახსნა აქვს - ის, რომ არ არის შესაბამისი მოთხოვნა.

ამასთანავე დიდ სასტუმროებს უფრო მეტი მოქნილობა აქვს, რომ სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებები მოიფიქრონ და ეს ჩანს კიდეც. მიმოხილვაში ჩვენ ეს გავყავით: 120 ნომერზე ზემოთ სასტუმროები, 50-120 ნომრამდე და 50-ს ქვემოთ ნომრების მქონე სასტუმროები. ვხედავთ, რომ ყველაზე კარგი დატვირთულობა დიდი ზომის სასტუმროებს აქვთ“, - განმარტა მერი ჩაჩანიძემ.

თიბისი კაპიტალის კვლევების მიხედვით, ადგილობრივი ტენდენციების თანახმად, წინა თვეებთან შედარებით ივლისში შიდა ტურიზმი გაიზარდა. შემცირებული ფასების პირობებში, უკანასკნელ პერიოდში რეგიონალურ სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია, თუმცა ჩაკეტილი საზღვრების გამო, 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების უნაღდო ჯამური ხარჯვა 82%-ითაა შემცირებული.

არსებული ჯავშნებით, ივლისში სასტუმროების დატვირთულობა თბილისში - 4%, ბათუმში - 13%, კახეთში კი 28%-ია. ვიზიტორების მოსაზიდად მომხმარებლებს რეგიონების დიდ სასტუმროებში საშუალოდ 30-45%-მდე ფასდაკლებებით შეუძლიათ სარგებლობა.

ამასთან მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ივნისი-ივლისში ქართველი ტურსიტები ძირითადად არჩევანს თბილისთან ახლოს დასვენებაზე აკეთებენ, განსაკუთრებით უქმეებზე. შესაბამისად, წლიური შემცირება უნაღდო ანგარიშსწორებაში კახეთში - 45%, მცხეთა-მთიანეთში კი 54% იყო, მაშინ როდესაც აჭარაში უნაღდო ანგარიშსწორება 75%-ით არის შემცირებული, თბილისში ოთახების განთავსებიდან მიღებული ბრუნვა კი თითქმის განულებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა