მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა ვაქცინაცია პრიორიტეტი უნდა იყოს - გაჩეჩილაძე

60757b9873c8e
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.21 10:25
709
“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ნაკადი აღდგეს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციაზე იზრუნოს. არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ეს უცხოელ ვიზიტორებს საქართველოს მიმართ მეტ კომფორტს გაუჩენს. ამასთან, “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად სწორედ ტურიზმს ასახელებს.

“ეკონომიკური ზრდისთვის ყველაზე მთავარი ცვლადები არის ტურიზმი და რა მოხდება ვაქცინაციასთან მიმართებით. ჯერჯერობით, ვაქცინაციის მაჩვენებელი არის დაბალი. მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, ვისაც სოციალურად მეტი შეხება აქვს ტურისტებთან ანუ სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურე პერსონალი, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტურისტებმა, რომლებიც საქართველოში შემოდიან, კომფორტულად იგრძნონ თავი. ამის მაგალითები სხვა ქვეყნებში არსებობს, თუმცა ჩვენ თვეებით ჩამოვრჩებით ამ ტენდენციას,” - ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, მათი თავდაპირველი შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბანკის პროგნოზი საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უფრო ნეგატიური სცენარით არის შეცვლილი.

“ჯამში, ოპტიმიზმი არის, თუმცა ცოტათი შენელებული. ჩვენი მოლოდინი იყო, დაახლოებით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ნეგატიურ ვარიანტში - 3.5%-იანი ზრდა. მე მგონია, რომ ნეგატიური ვარიანტის შანსები გაიზარდა, რაც სავალუტო ფონდმაც თქვა და ჩვენც ვუყურებთ, მაგრამ პოზიტიური შანსები დღემდე არის", - განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასულ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშით საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა. 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.