მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროს მენეჯერი: გოდერძიზე განთავსების ადგილების უკმარისობაა...დიდი პრობლემაა გზაც

5e1f274a15b96
ვიქტორია მღებრიშვილი
15.01.20 19:42
1574
"კურორტზე ადგილების უკმარისობა არის კიდევ ერთი პრობლემა“, - ამის შესახებ BM.GE-ის საოჯახო სასტუმრო „დავითის“ მენეჯერმა ომარ იაკობიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტურისტების რაოდენობა უთოვლობის მიუხედავად, სეზონის დაწყებამდეც საკმაოდ დიდი იყო.

„პირადად მე ძალიან ბევრი სტუმარი გამიშვია უადგილობის გამო. კურორტზე განთავსების მსურველთა რაოდენობა, არსებული განთავსების ოთახების რაოდენობას საგრნობლად აღემატება. სეზონი 28 დეკემბერს გაიხსნა და მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე თოვლი არ იყო, სრულად ვიყავით დატვირთული. დღეისთვის სასტუმრო სრულადაა დატვირთული და ჯავშნები თებერვლის ბოლომდე შევსებულია“, - ამბობს მენეჯერი.

მისი ინფორმაციით, საოჯახო ტიპის სასტუმროში განთავსების ღირებულება 1 ადამიანზე კვების გარეშე 50 ლარია. თავად სასტუმრო „დავითი“ კი, 14-ნომრიანია.

„ჩვენ ძირითადად გვყავს ქართველი, უკრაინელი, რუსი და გერმანელი დამსვენებლები; განმეორებითი სტუმრებიც გვყავს. გასულ წლებში ვინც იყვნენ კვლავ ჩამოდიან ჩვენთან, იმიტომ რომ მოსწონთ აქაურობა, აქ სასრიალოდ ყველანაირი ტრასა ხვდებათ“, - აღნიშნა ომარ იაკობიძემ.

სასტუმრო „დავითის“ მენეჯერმა BM.GE-ისთან საუბრისას კურორტის უმთავრეს პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განთავსების ადგილების პრობლემასთან ერთად ადგილობრივებსა და ტურისტებს გაუმართავი საჯარო ინფრასტრუქტურა აწუხებთ.

„ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი პრობლემა გზაა. ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზა არის წლების პრობლემა, ყველა ხულოელის და სტუმრის პირველი ტკივილია. გვპირდებიან, რომ გააფართოვებენ და გრუნტს გააკეთებენ და 2021-2022 წლებისთვის იქნება ისევ საფარი; არ ვიცი ახლა რას ელოდებიან, ალბათ ისევ არჩევნებს... ტურისტების 90% თავისი მაღალი გამავლობის მანქანებით ამოდის, თუმცა პატარა მანქანებიც ამოდიან, გზა გაწმენდილია ამ დროისთვის“, - აცხადებს ომარ იაკობიძე.

ცნობისთვის: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ფაქტობრივად, შეჩერებულია.