27.სექტემბერი .2022 18:55

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ხელფასების მატებას ითხოვენ და გაფიცვას გეგმავენ

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ხელფასების მატებას ითხოვენ და გაფიცვას გეგმავენ
views 558
უკან

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადებში დასაქმებულები გაფიცვას აანონსებენ. ამის შესახებ მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა bm.ge-ის განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებში დასაქმებულებმა აქცია გამართეს, რომელსაც 50-მდე პირი შეუერთდა. მიზეზი ხელფასების მომატების მოთხოვნასთან დაკავშირებით დამსაქმებელთან მიუღწეველი შეთანხმებაა. პროფკავშირების წარმომადგენელი ამბობს, რომ საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები პერიოდულად ხდება, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ მზად ვიყავით წავსულიყავით დათმობაზე და ხელფასის ნაწილობრივი ზრდა მომხდარიყო, ხოლო ხელფასის შემდგომი მომატება მომდევნო წლის ბიუჯეტში გაწერილიყო. ჩვენ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას ვითხოვდით, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევას, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ერთი დაპირება მივიღეთ, რაც პრემიერმა დააანონსა, რომ მომავალი წლიდან ხელფასები 10%-ით გაიზრდებოდა და ერთჯერადი დანამატები გაიწერებოდა. აქედან გამომდინარე, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმ უკიდურესობამდე მივიდნენ, რომ გაიფიცონ“, - განმარტა ირაკლი ამირანაშვილმა.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის თქმით, დასაქმებულთა გაფიცვა სამართლებრივად მოხდება და ამისთვის ისინი სასამართლოს გაფიცვის უფლების მისაღებად მიმართავენ.

„ჩვენ მივმართავთ სასამართლოს გაფიცვის უფლების მოსაპოვებლად. დამსაქმებელი ამბობს, რომ არსებული 97 ბრიგადიდან ყველა უნდა მუშაობდეს, თუმცა დასაქმებულები ეუბნებიან, რომ გაფიცვის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ 30%-მა იმუშაოს. გაფიცვის უფლების მოპოვების შემდეგ დაიწყება გაფიცვები. სარჩელი უახლოეს პერიოდში მომზადდება და ჩვენი იურისტი მიმართავს სასამართლოს.

უწყების მხრიდან მხოლოდ ის პასუხი გვაქვს, რომ ისინი მუშაობენ, თუმცა შედეგი არ დგება. ამიტომ გაფიცვის მოთხოვნა იქნება ხელფასის 100%-იანი ზრდა, რადგან ქვეყანაში ინფლაცია რეალურად 10%-ზე მეტია, შესაბამისად ცხოვრება იმაზე მეტად გაძვირდა, ვიდრე 10%. დასაქმებულები ითხოვენ ასევე ჯანმრთელობის დაზღვევასა და ზეგანაკვეთური სამუშაოზე დამატებით ანაზღაურებას“, - უთხრა bm.ge-ს ამირანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხელფასების მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით სასწრაფო დახმარების სამსახურში დასაქმებულებმა მიმდინარე წელს საპროტესტო აქცია მაისში გამართეს, რის შემდეგ მხარეთა შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა