მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასწრაფოდ შეხვდით ანაკლიის ინვესტორებს და შეწყვიტეთ საერთაშორისო დავა - ხაზარაძე ღარიბაშვილს

60d9ca7fc37e7
ინგა მურუსიძე
28.06.21 17:10
1533
სასწრაფოდ შეხვდით ანაკლიის პორტის ინვესტორებს და შეწყვიტეთ საერთაშორისო დავა, - ამ სიტყვებით მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხაზარაძის თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვინც მთავრობაში პროექტის განხორციელებას ცდილობდა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იყო, თუმცა ახლა მისი მცდელობები უშედეგოა, რადგან პოლიტიკური ნება არ არსებობს.

„ზოგადად, თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევთ, იქ ინვესტიციას აღარავინ ჩადებს. შეხვდით სასწრაფოდ ინვესტორებს, შეაჩერეთ ის საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონში და ჟენევაში მიმდინარეობს, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ამის მერე ინვესტორებიც გამოჩნდებიან“, - მიმართა ღარიბაშვილს ხაზარაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატ დათო კაჭარავას, რომელიც ანაკლიის პროექტის პორტით დაინტერესდა. “პარლამენტში შემოსვლისას დათო კაჭარავამ მკითხა, პორტზე რა ხდებაო. შენ კი არ გგულშემატკივრობ, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანიო. ბატონო დავით, ხელ-ფეხი რომ შეგიკრან და მოედანზე დაგსვან ლელოს გაიტანთ?! - სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარ“, - თქვა ხაზარაძემ.

დეპუტატმა პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვა აღიაროს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„მე ძალიან გული მწყდება, რომ თქვენ, ბატონო ირაკლი[ღარიბაშვილი], მაშინაც პრემიერი იყავით, როცა ეს პროექტი დაიძრა, მე იმედი მქონდა, რომ გამოხვიდოდით და იტყოდით გულწრფელად რა მოხდა, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გავლით, რადგან ჩვენი ანგარიშები დააყადაღეთ. დააყადაღეთ იმ ადამიანების ანგარიშები, რომლებსაც მოზიდული აქვთ ათობით მილიონი დოლარი და უნდა დაეფინანსებინა მიმდინარე ოპერაციები ანაკლიაში. დაგვიყადაღეთ და დღესაც დაყადაღებულია ანგარიშები. ამას დავამატოთ ის ამბავი, რომ უპრეცედენტოდ მოიქეცით და გამოგვაცხადეთ დამნაშავეებად. სასამართლოშიც შევიტანეთ სარჩელი, მაგრამ პროცესი არ ჩაინიშნა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება გაწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება ორ საერთაშორისო არბიტრაჟშია გასაჩივრებული.