მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სატაცურზე მოთხოვნა იზრდება, მზარდია ფასიც“ - „ქართული სატაცური“

60854dea35bb8
მარიამ იზორია
25.04.21 15:31
7875
უკვე 7 წელზე მეტია ფერმერმა ცოლქ-ქმარმა მალხაზ გათენაშვილმა და თინა წამალაიძემ მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში ნახევარ ჰექტარზე სატაცური მეურნეობა გააშენეს და პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე „ქართული სატაცურის“ სახელით ყიდიან.

თინა წამალაიძე „საქმის კურსს“ უყვება, რომ სატაცურზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც პროდუქტის სასარგებლო თვისებებითა და მომხმარებელში ცნობადობის ამაღლებით არის განპირობებული.

„წლების წინ, როდესაც სატაცურის მეურნეობა გავაკეთეთ, ადგილობრივ ბაზარზე 5 კილოგრამ სატაცურსაც ძლივს ვყიდდით, ახლა კი 100-150 კილოგრამი მოსავლის რეალიზაციას თავისუფლად ვახერხებთ; მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. სატაცურს ქსელურ მარკეტებში ვაბარებთ, ასევე გვაქვს კერძო შეკვეთებიც - ინტერესია სარესტორნო ქსელებიდანაც“, - ამბობს ფერმერი.

რაც შეეხება „ქართული სატაცურის“ საექსპორტო გეგმებს, თინა წამალაიძე გვიყვება, რომ არსებული მოსავლით ადგილობრივ ბაზარს აკმაყოფილებენ, შესაბამისად, ექსპორტზე, ჯერჯერობით, არ ფიქრობენ, თუმცა ბაზარს აკვირდებიან.

„გვაქვს საჭირო ტერიტორია, რომლითაც მოსავლის მოცულობას გავაორმაგებთ, თუმცა პანდემიის პერიოდში საექსპორტოდ საჭირო კავშირების დამყარება გვიჭირს. რაც შეეხება პროდუქტის ფასს, შარშან თუ კილოგრამს 15 ლარად ვყიდდით, ახლა 20-22 ლარად ვაბარებთ, საბაზრო ღირებულება კი 25-30 ლარამდე ადის“, - ამბობს ფერმერი.

„ქართული სატაცური“ 5 ადამიანს ასაქმებს. პროდუქტი ქსელურ მარკეტებში, რესტორნებში და ასევე ონლაინარხებით რეალიზდება.

ცნობისთვის: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე 0,2 ტონა სატაცური გავიდა. 2019 წელს კი - 5,9 ტონამდე. ქვეყანამ სატაცური რუსეთსა და სომხეთში გაყიდა.