მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესასოციაცია ახალ კანონპროექტზე: სამინისტროს ჩვენთან კონსულტაციები არ გაუმართავს

5eece1543835d
სალომე მეცხვარიშვილი
19.06.20 23:00
1939
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს არანაირი კონსულტაციები არ გაუმართავს ბიზნესთან იმ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოში სათამაშო ბიზნესს ახლებურად არეგულირებს. ამის შესახებ ბერუაშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სწორედ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

კანონპროექტი მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ წარადგინა, რომელსაც კომიტეტზე დაუსვეს კითხვა, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია სათამაშო ბიზნესთან კანონპროექტის მომზადების ან მომდევნო ეტაპზე, რაზეც მიხეილ დუნდუამ თქვა, რომ სათამაშო ბიზნესთან კონსულტაციები მუდმივად აქვთ.

“კონკრეტულად ამ პროექტთან დაკავშირებით არანირი კონსულტაცია არ ყოფილა. ერთადერთი რაც მოხდა, ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან მივიღეთ პროექტები, რომლებიც გადავიარეთ და გადავგზავნეთ ჩვენი კომენტარები. ამით დასრულდა ეს ყველაფერი.

რა იგულისხმა ბატონმა მიხეილმა? ალბათ ეს შეეხება კანონპროექტს, რომელზეც ჩვენი ინიციატივით გაიმართა კონსულტაციები ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, რომელმაც შემდეგ კანონის სახე მიიღო. აქ ჩვენი მოწვევით მონაწილეობას იღებდნენ ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები”,- აცხადებს ზურაბ ბერუაშვილი.

ფინანსთა სამინისტრომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მოამზადა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

აღნიშნული კანონპროექტი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, თუმცა, დამატებითი კითხვების გამო, საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენა და გადაიდო.

კანონპროექტი ცვლილებებს ბევრი მიმართულებით ითვალისწინებს, მათ შორის, ჩნდება აზარტული და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ცნება, რაც აქამდე არ არსებობდა. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მკაფიოდ უნდა დარეგულირდეს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი (არარეზიდენტი) პირების მოქმედების საკითხი, რომლებიც არ ფლობენ თამაშების მიწოდების შესახებ ნებართვას.

“ასეთი ოპერატორები დღეს ფაქტობრივად საქმიანობენ ქართულ ბაზარზე, ხოლო მათ მიერ მოწყობილი თამაშები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულირებას. ისინი არ იხდიან შესაბამის მოსაკრებლებს და გადასახადებს და შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას”,- წერია დოკუმენტში.

ამასთან, ცვლილებებით, პირმა, რომელიც აფუძნებს სათამაშო ბიზნესს, უნდა დაადასტუროს საკუთარი ფინანსები და უნდა მოხდეს შესწავლა ბოლო ბენეფიციარამდე, მაგალითად არის თუ არა ის ნასამართლევი.

კანონპროექტით, პირებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ განახორციელონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მიწოდება 100 000 ლარის ოდენობით მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს სანქციებს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევისთვის და ჯარიმა 2000 ლარი იქნება.

ყველაფერთან ერთად, დაგეგმილია, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური დაიქირავებენ კერძო საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც დაევალება გააკონტროლოს სათამაშო ბიზნესი და შეამოწმოს, რამდენად არის მათი ქმედებები კანონთან შესაბამისობაში - ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის სანებართვო პირობების დარღვევა, არასრულწლოვნების მიერ აზარტულ თამაშებში ჩართვა და ა.შ. სახელმწიფომ ამ კომპანიასთან კონტრაქტი 15 წლით უნდა გააფორმოს და სათამაშო ბიზნესის მონიტორინგის ექსკლუზივი მისცეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს კანონპროექტის დაჩაქრებულად განხილვის ახსნაც სცადა. მიხეილ დუნდუას მტკიცებით, აგვისტოში საქართველო უნდა შეაფასონ, თუ როგორია ქვეყანაში მდგომარეობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. მისი თქმით, ერთ-ერთ მაღალრისკიან სექტორად კი ქვეყანაში სწორედ სათამაშო ბიზნესი და აქ არასაკმარისი რეგულაციები სახელდება.

დუნდუას განცხადებით, საქართველო ახლა მე-4 დონის ქვეყნად ითვლება და სურს, რომ მოიპოვოს მე-5 ქვეყნის დონის ქვეყნის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტერორიზმისა და ფულის გათეთრების რისკები მცირეა.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე-5 დონის შეფასების მიღება ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი - ინვესტიციების შემოდინებისთვის, საერთაშორისო კავშირების გამყარებისთვის, ფულის გათეთრების რისკების სრული ლიკვიდაციისა და პოლიტიკური გამარჯვებისთვის...რომ არა ეს პრობლემა, რასაც საგანგებო მდგომარეობა და კორონავირუსი ჰქვია, ჩვენ ამას ასე(დაჩქარებულად) არ შემოვიტანდით"- აცხადებს მიხეილ დუნდუა.