მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 15.9 მლნ ლარით გაიზარდა - ვინ არის ლიდერი?

5facee6f71710
ინგა მურუსიძე
12.11.20 12:24
2760
2020 წლის III კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 15.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მარეგულირებლის ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლების ძირითადი ნაწილი, 87% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 6-6% სპონსორობასა და პროდუქტის განთავსებაზე მოდის.

„III კვარტალში ყველაზე მეტი 6.1 მლნ ლარის შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.

2.9 მლნ ლარის შემოსავალი აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თუმცა მისი სარეკლამო შემოსავალი 22%-ით არის შემცირებული. ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა სარეკლამო შემოსავლებში აქვთ „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“.

ტელეკომპანია „პირველის“ სარეკლამო შემოსავალი 71%-ით გაიზარდა და 1.4 მლნ ლარი შეადგინა. ასევე 1.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო „მთავარმა არხმა“, რომლის შემოსავალი წინა წლის III კვარტალში 0.02 მლნ იყო. 0.6 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდა „ჯი-დი-ეს თი-ვის“, 0.5 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ“, ხოლო 0.4-0.4 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდათ „პოსტვს“ და „სილქნეტს“.

14%-ითაა შემცირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 0.32 მლნ ლარიდან 0.28 მლნ ლარი გახდა.

რაც შეეხება სხვა სატელევიზიო მაუწყებლებს მათი ჯამური სარეკლამო შემოსავალი 1.8 მლნ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.