მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთმა ნავთობი გააძვირა, ბირჟაზე ბარელი ბრენტის ფასი 120 დოლარს გადასცდა

629da01a94c06
გიორგი თოლორდავა
06.06.22 10:51
1090
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ვოლატილობის მაღალი დონე ისევ ნარჩუნდება. ამჯერად ბაზრის ტენდენცია აღმასვლისკენაა მიმართული, რაც მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორის, საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება.

სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ Arab Light Crude-ის ივლისის კონტრაქტების ღირებულება 6.5 დოლარით გაზარდა, რამაც საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაძვირება გამოიწვია. კერძოდ, ბარელი WTI Crude-ისა და Brent-ის ღირებულება რამდენიმე საათში 1%-ით გაიზარდა და ამჟამად 120-დოლარიან ნიშნულს აჭარბებს.

ექსპერტების შეფასებით, Aramco-სა და საუდის არაბეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიღმა მარტივი ეკონომიკური მიზეზი დგას: მათ კარგად ესმით, რომ ევროკავშირის ბაზრიდან რუსეთის ფედერაციის გაძევებით EU-ს ერთადერთ რეალისტურ ალტერნატივად საუდის არაბეთი რჩება, კონკურენციის შემცირების პირობებში კი, Aramco-ს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მიწოდების მოცულობისა და ფასების ზრდის საშუალებით რეკორდულ მოგებაზე გავიდეს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) ნავთობის ყოველდღიური წარმოების 648,000 ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული ქმედების მიღმა ორგანიზაციის დე-ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთის მთავრობის პოზიციის ცვლილება იყო.

როგორც ჩანს, არაბეთს არა მხოლოდ წარმოებისა და მიწოდების, არამედ ფასების ზრდის განზრახვაც ჰქონდა, რომელიც მიმდინარე კვირის პირველ სამუშაო დღესვე მსოფლიოსთვის აშკარა გახდა.

გარდა ზემოხსენებული ფაქტორებისა, ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ მიწოდების 648,000 ბარელით გაზრდა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს საერთაშორისო ბაზარზე, რადგან ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების რიგით მეექვსე პაკეტის პირობებში ბუნებრივად შემცირდება რუსეთის მხრიდან ნავთობის მიწოდება, ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, დაახლოებით, 2 მილიონი ბარელით მეტი ნავთობია საჭირო, ვიდრე ეს OPEC-ის ამჟამინდელი სამოქმედო გეგმითაა განსაზღვრული.

ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ენერგეტიკული კრიზისის გადასაჭრელად მხოლოდ OPEC-ის გააქტიურება არ იქნება საკმარისი, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, რომ პლანეტის უმსხვილესმა ენერგოექსპორტიორებმა - საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა რადიკალურად შეცვალონ პოლიტიკა და ნავთობის მიწოდება არა სიმბოლურად, არამედ მნიშვნელოვნად, თითქმის მილიონი ბარელით გაზარდონ.